პარლამენტის ბიუროს სხდომა

31 დეკემბერი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

2018 წლის პარლამენტის ბიუროს ბოლო სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განისაზღვრა, ასევე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. 

ბიურომ ცნობად მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მიმართვა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის არჩევის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს მიმართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი პოზიციის დაფიქსირებისკენ.

„კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროცედურებთან დაკავშირებით იყო დავა. იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ ყველაფერს ვთხოვ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, თავისი სამართლებრივი პოზიცია დააფიქსიროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კახიანმა გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. მან აქვე აღნიშნა, რომ პროცედურა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარიმართა პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელებისას, რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

მისი განმარტებით, ეს არის მისი აზრი და მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„ბატონ გედევანს დღეს მივულოცე პირველ მოადგილედ არჩევა, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. ჩემი კომენტარი სამართლებრივი შედეგის მატარებელი ვერ იქნება კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პროცედურა, რომელიც წარიმართა, როცა პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელება მოხდა, რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. რეგლამენტის მიხედვით, ერთი კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა არსებობს. თეორიულად, ის ვერსია, რა ვერსიითაც კომიტეტმა პირველი მოადგილე აირჩია, ეს განვითარება შეიძლება შეეხოს იმ მოადგილეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით სახელდება. თუმცა, ჩემი აზრი არის ის, რომ როცა თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე არის საუბარი, ასეთ შემთხვევაში ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება და ეს ლოგიკურიც არის“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს.

„მე მგონი ჯობია, ამ საკითხზე პოლემიკა არ წარვმართოთ, ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინეთ და რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ. ვფიქრობ, ამას ალტერნატივაც არ აქვს. სამწუხაროა თუმცა, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იურიდიული კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც არის პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს სამართლებრივად ეს საკითხი. აქედან გამომდინარე, კენჭისყრის გარეშე ვიღებთ ცნობად ამ საკითხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს წევრებმა ასევე, ცნობად მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მომართვა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

გედევან ფოფხაძემ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.

„მე ალბათ, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგის განწყობას გამოვხატავ, თუ ამავე სხდომაზე მადლობას გადავუხდი ქალბატონ ეკას იმ ორწლიანი მუშაობისთვის, რომელიც მან ამ კომიტეტში გაწია, იმ ექვსწლიანი მუშაობისთვის, რომელიც მან პარლამენტში „ქართული ოცნების“ საქმეების სწორი და წარმატებული განხორციელების მიზნით გაწია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც მან აღნიშნა, იგი დღის ბოლომდე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ პირველი მოადგილის უფლებამოსილება შეუწყდეს, ვინაიდან ეს უკვე შეუთავსებელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსთან.

სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ ოთხი მოწვეული სპეციალისტის შტატის დამატებაზე ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილება გააპროტესტა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის ჩატარება მოითხოვა.

„ეს შეფასება უკვე გაკეთებულია აპარატის მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. პარლამენტში საკადრო პოლიტიკა იყო უმძიმესი, რამაც მოიტანა უარყოფითი შედეგები და ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ეს და იმისთვის, რომ შეივსოს ხარვეზი, განსაკუთრებით კომიტეტების თავმჯდომარეებს უწევთ მიმართონ ამ ხერხს. ეს არის თქვენი მემკვიდრეობა და ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი. ამაზე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული იყო პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ლოგოს ნიმუში.

„დღეს არ ვაპირებ გამოვიტანო დასამტკიცებლად ლოგოს ნიმუში. მინდა რომ ამასთან დაკავშირებით პირველი მსჯელობა შედგეს. კარგი იქნება პირველი დისკუსია ბიუროს ფორმატში შედგეს და ასევე, ვიმსჯელოთ თუ რა სხვა ფორმატები შეიძლება გამოვიყენოთ ამაზე დისკუსიისთვის. ლოგოზე, რომელიც გამოიყენებოდა პარლამენტის მიერ ასახული იყო ქუთაისის შენობა. გასაგებ მიზეზთა გამო ლოგო საჭიროებს ცვლილებას. პარლამენტს სჭირდება ლოგოს დამტკიცება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, პარლამენტის ლოგოსთან დაკავშირებით გამოცხადებული იყო კონკურსი. „პირველ კონკურსზე ვერც ერთმა წარმოდგენილმა ნიმუშმა ვერ დაიმსახურა მოწონება. კიდევ ერთხელ გამოცხადდა კონკურსი და წარმოდგენილი იქნა ვარიანტი რომელიც ვფიქრობ, რომ შიძლება განვიხილოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ნიმუში ეფუძნება ისტორიულ მემკვიდრეობას. „ზოგად კონცეფციას რაც შეეხება გამოყენებულია შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც გამოიყენებოდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში და ასევე 90-იან წლებში, როდესაც დამტკიცდა ეროვნული გერბი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის ლოგოსთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსებზე და მის პირობებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკონკურსო პირობების შედგენის პროცესში ჩართული იყო ჰერალდიკის საბჭო. „წარმოდგენილ ლოგოს ნიმუშთან დაკავშირებით ჰერალდიკის საბჭომ დადებითი დასკვნა დადო. ეს არის ერთიანობის და ქართული ორნამენტების შემცველი, დემოკრატიული რესპუბლიკისა და შემდგომში, 1991 წელს აღდგენილი სიმბოლიკის შემადგენელი ნაწილით. ის წერტილები, რომელიც მოცემულია ამ სიმბოლოზე, არის მრავალეროვნების აღმნიშვნელი და მრავალხმიანობის მატარებელი ელემენტები. არის გარკვეული დასაბუთებები. ჰერალდიკის საბჭოდანაც არის ამ კონცეფციის მოწონება თუმცა, ახალი რეგლამენტის მიხედვით, ბიუროს წევრების სამსჯელო და გადასაწყვეტია მივიღებთ თუ არა მას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი კობახიძემ კოლეგებს შესთავაზა ბიუროს ფორმატში მოხდეს შეხვედრა როგორც კომპანიების ასევე, ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლებთან რათა ინფორმაცია უფრო დეტალურად მათგან იქნას მოსმენილი. „უახლოეს მომავალში დავნიშნოთ შეხვედრა, მოვისმინოთ კომპანიებისა და ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლებისგან პოზიცია ამ ლოგოსთან და ზოგადად კონცეფციასთან დაკავშირებით და იქვე შევთანხმდეთ როგორ ვაგრძელებთ მსჯელობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარ, ოთარ კახიძის კითხვას იმის შესახებ, თუ რა პროცედურებით წარიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი განახლებული სია, რომელიც უკვე არსებულს ჩაანაცვლებს. მკაფიოდ არის დაფიქსირებული ეს ყველაფერი - ჯერ იქნება კრიტერიუმები, პროცედურები და შემდეგ განახლებული სია“.

გალერეა

  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი
  • ბიუროს სხდომა, 2018 წლის 31 დეკემბერი