პარლამენტის ბიუროს სხდომა

19 აპრილი 2017
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 19-21 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, რომელსაც ამ სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

შემდეგი ორი დღე, ძირითადად, საკანონმდებლო საქმიანობას დაეთმობა. პარლამენტი კანონპროექტს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ერთი მოსმენით განიხილავს. რამდენიმე კანონპროექტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილება, მათ შორის, საკანონმდებლო პაკეტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ თანმდევი კანონპროექტებითურთ. საბოლოო მოსმენით განიხილავენ ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომლითაც ხდება მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება, ასევე საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის დადგენილი ადმინისტრაციული სახდელების გადასინჯვა და სხვა.

პლენარულ სხდომებზე ასევე განიხილება რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტი: საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“; „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ ; 2016 წლის 14 ოქტომბერს ხელმოწერილი „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმთან საქართველოს შეერთების თაობაზე“ და სხვა.

პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე კანონპროექტებს, ასევე კანონპროექტს „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ამ უკანასკნელის მიხედვით, დგინდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი, რაც აქამდე კანონქვემდებარე აქტით იყო დარეგულირებული.

ამ კვირის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტს და მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტს პირველი მოსმენით განიხილავს. ამავე კვირას იგეგმება ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიშის მოსმენა.

ამგვარად, პარლამენტის მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი საკმაოდ გადატვირთულია და იგი თითქმის 132 საკითხის განხილვას ითვალისწინებს.

ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე, რის შემდეგაც პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც პარლამენტის პლენარული სხდომა მუშაობას შეუდგა.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი
  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2017 წლის 19 აპრილი