პარლამენტის ბიუროს სხდომა

17 სექტემბერი 2019
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომის განსაზღვრულ საკითხებს რამდენიმე განსახილველი კანონპროექტი დაემატა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები პირველი მოსმენით განიხილავენ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ დროულად მოახდინა ამ საკითხის ინიცირება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ ინსტიტუტმა თავისი მანდატი სრულად აამოქმედოს იმ ვადებში, როგორც ჩვენ ბოლოს შევთანხმდით კონსულტაციების დროს. მათ შორის, ეს არის ფართო შეთანხმების საგანი და ოპოზიციური პარტიებიც, სამოქალაქო საზოგადოებაც ელოდა ამ მანდატის განხორციელებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებზე.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები სხდომაზე ასევე განიხილავენ დადგენილების პროექტებს: „ვახტანგ გომელაურისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ" და „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“.