პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დარეგისტრირდა

11 მარტი 2020
პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დარეგისტრირდა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ მიესალმა პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდგარ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ეს უდავოდ პოზიტიური შეთანხმება საქართველოში დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას და ვიცავთ შეთანხმებაში მოცემულ ყველა პრინციპს, რასაც ხელი მოვაწერეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ ასევე პატივისცემით მოეკიდონ იმ შეთანხმებას, რომელიც დაფიქსირებულია დოკუმენტში. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების განაწილებას, ასევე ეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ამ შეთანხმებაში არის ასახული. პარლამენტი მუშაობს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შემდგომ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს საჯარო განხილვებს. არჩილ თალაკვაძემ აქვე განმარტა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა საჯარო განხილვების ფორმატი და მისი პლატფორმა შეიცვალოს, თუმცა, ის აუცილებლად ჩატარდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მაქსიმალური მონაწილეობისკენ მოუწოდა და მაჟორიტარ დეპუტატებს კონსულტაციებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მართალია, ზოგიერთი პოლიტიკური განცხადებაც ვნახეთ, რაც კონტექსტს დაშორებულია და იმ პირობებში, როდესაც ამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კოლეგები შეთანხმებას აღწევდნენ ან უკვე შეთანხმებული იყვნენ ოლქებთან დაკავშირებით, ეს განცხადებები პარალელურ რეჟიმში კეთდებოდა. თუმცა, ეს ალბათ უნდა დავაბრალოთ იმას, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი კოლეგები არ იყვნენ ინფორმირებული თუ რა კონსულტაციები მიდიოდა. ამისათვის საჭიროა მეტი ჩართულობა, მონაწილეობა საპარლამენტო პროცესში, კონსულტაციებში, რომ როდესაც ეს ადამიანები დაბრუნდებიან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, მათაც მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა საჯარო განხილვების ფორმატი და მისი პლატფორმა შეიცვალოს, მაგრამ ის აუცილებლად ჩატარდება და თუ რა ფორმატში, ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს. 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტში ასევე დარეგისტრირდება რეგლამენტის ცვლილებები, რომელიც შეეხება პარლამენტში საკითხების დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის შემოღებას განსაკუთრებით მნიშვნელოვან, საგანგებო სიტუაციებში. „ეს კიდევ ერთხელ დაგვეხმარება, რომ პირობა, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის არჩევნებთან დაკავშირებით ამ მომენტში, ამას არავითარი საფრთხე არ დაემუქროს. მე, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაზე კარგი სცენარით განვითარდება მოვლენები ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შესაძლებლობა რეგლამენტში, ვფიქრობ, უნდა იყოს ჩაწერილი იმისათვის, რათა ყველა შესაძლო პრობლემისგან დავაზღვიოთ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას და ბიუროს წევრებს იმ სპეციალური ბრძანების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უახლოეს საათებში გამოიცემა და პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო სიტუაციას დაარეგულირებს.

„მომდევნო 12 საათის განმავლობაში, გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც დეპუტატებს და თანამშრომლებს შეეხებათ და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო სიტუაციას - ეს იქნება ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების თვითიზოლაცია, კარანტინში განთავსება თუ დისტანციური მუშაობა - ამასთან დაკავშირებული განაცდური დღეები და სხვა საკითხები ბრძანებით დარეგულირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, პარლამენტში ეპიდკონტროლის ზომები არის მიღებული, რაც შემდგომში, კიდევ უფრო გაფართოვდა. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არცერთი დეპუტატი და პარლამენტის აპარატის არცერთი თანამშრომელი კარანტინში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. მეტი სიფრთხილისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს საჯარო ღონისძიებების რაოდენობის შეზღუდვისკენაც მოუწოდა.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას და შედეგით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ბიურომ 17-20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო და დეპუტატებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რეგლამენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა.

ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ.

გალერეა

  • პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დარეგისტრირდა, 2020 წლის 11 მარტი