ბიძინა გეგიძის ბრძოლა ჟვანიას ქუჩის დასაცავად, წარმატებით დასრულდა

12 ივნისი 2019
ბიძინა გეგიძის ბრძოლა ჟვანიას ქუჩის დასაცავად, წარმატებით დასრულდა

თბილისში, ნინო ჟვანიასა და მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზე, სამშენებლო ნებართვების გაცემა აღარ მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. 

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან ერთად, ინტენსიურად იკვლევდა მდინარე ვარაზის ხევის ლანდშაფტში, კერძოდ, ნინო ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ მასიური მშენებლობებისა და ქაოტური განაშენიანების საკითხს, რაც არა მხოლოდ ამ ქუჩების მაცხოვრებლებს, არამედ მთლიან ქალაქს აყენებს მასშტაბური საფრთხის წინაშე.

„მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, გასულის წლის მარტიდან დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აქტიური მონიტორინგის რეჟიმში ვიმყოფებით ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე ინტენსიური მშენებლობების გამო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა შარშან, აპრილში ჩაატარა მაღალკვალიფიციური კვლევა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ განსაკუთრებით მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდზე დაუყოვნებლივ უნდა აკრძალულიყო მშენებლობები. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე არაერთი შეხვედრა გავმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებისა და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელ პირებთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. შეხვედრებზე მოვიწვიეთ კანადის სამშენებლო ნორმების კომისიისა და აშშ-ის ლორენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიის ექსპერტებიც, რომლებმაც წარმოგვიდგინეს ხედვა მასშტაბური განაშენიანების საფრთხეების შესახებ. მივესალმებით, რომ წელიწადნახევრის შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების ნებართვებს აღარ გასცემს,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.