ბიძინა გეგიძის ბრიფინგი

19 აგვისტო 2019
ბიძინა გეგიძის ბრიფინგი

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მის გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

დეპუტატის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ანტიკორუფციული სააგენტო მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც იგი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა გეგიძემ გამოძიების დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისას, ყველაზე კრიტიკულ თემებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის მისი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე იღებდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესში. 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში პრემიერ-მინისტრი და ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. 2 აგვისტოს კი გამოძიება დაიწყო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე - აქ არის პოლიტიკური ფაქტორი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.