„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის ბრიფინგი

10 ივნისი 2019
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის ბრიფინგი

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ ბრიფინგი გამართა, რომლის თემა იყო: „სამშენებლო კოდექსის გადავადების საკითხი და განაშენიანების რეგულირების სფეროში არსებული პრობლემები“.

მისი განცხადებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც, მშენებლობის კოდექსთან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ითვალისწინებს რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი პერიოდის განსაზღვრას.
აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ბიძინა გეგიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააპროტესტა.

დეპუტატის განმარტებით, სრულიად მიუღებელია ფორს-მაჟორულ ფორმატში, დაჩქარებული წესით იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და დამტკიცება, რომლებიც მეტწილად თბილისის მერიას ეხება და რომელთა მიხედვითაც, ნარჩუნდება ამჟამად მოქმედი სამშენებლო რეგულაციები ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისთვის.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ მშენებლობის კოდექსის მოქმედების გადავადება ქ.თბილისის მერიისთვის იგეგმება 2020 წლის სექტემბრამდე, თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი მოიცავს კიდევ ერთ განსაკუთრებულ დათქმას, რომლის შესაბამისადაც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები ძალას ინარჩუნებს 2025 წლამდე. მათი ახალ სამშენებლო კოდექსთან ჰარმონიზების ვალდებულება დღის წესრიგში დადგება მხოლოდ 2025 წლის შემდგომ, რის გამოც, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივა კოდექსის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის თვით მშენებლობის კოდექსისა და გენერალური გეგმის მიღების მიზნებთან.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ განაცხადა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მშენებლობის კოდექსისა და გენერალური გეგმის მოქმედების დროებით შეჩერება აჩენს კიდევ მრავალი არამიზნობრივი მშენებლობის გაგრძელების მაღალ რისკს.

გალერეა

  • „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის ბრიფინგი, 2019 წლის 10 ივნისი