მამუკა მდინარაძე: „გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა

23 მარტი 2018
მამუკა მდინარაძე: „გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა

„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ვახდენთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელსაც ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წლის 29 იანვარს, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას მოვახსენეთ, რომ ფრაქცია “ქართული ოცნება” იწყებდა მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფდა მართლმსაჯულების ხელშეუვალობას და მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. ამ ინიციატივას ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ.

„ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროს და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შექმნილიყო მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტის შეზღუდვები, რათა ვეღარასდროს ვერავის გაებედა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა!

ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიცირებას.
„გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში და აგრეთვე კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.

წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.

პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.

ამ სახის ცვლილებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს.

გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ფრაქციის წევრს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც კოორდინაცია გაუწია ფრაქციის წევრების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების კონსულტაციებს ხსენებული ცვლილებების შექმნის პროცესში.

და ბოლოს, იმედი მაქვს, რომ საქართველო წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენებაც არ გახდება საჭირო, მაგრამ მათი არსებობა აუცილებელია, რათა ვერცერთმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.