„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია დაამტკიცეს

13 ივნისი 2018
„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია დაამტკიცეს

„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია დაამტკიცეს.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით საქმეში ბევრი მოწმეა, რომელთა ახსნა-განმარტებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის არასრული სია, რომელსაც შეიძლება დაემატონ სხვადასხვა პირები იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება კომისიის მუშაობა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სიის პირველ ნაწილში უშუალო მონაწილეები უნდა იყვნენ, შემდეგ უშუალოდ გამომძიებლები და მათი ხელმძღვანელები, ხოლო ამის შემდეგ ზუსტად უნდა განისაზღვროს იმ პირთა სია, რომელთა გამოკითხვის აუცილებლობაც დადგება.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ეს არის პირობითი, სავარაუდო სია, რომელიც შეიძლება შეიკვეცოს ან გაფართოვდეს. მან წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა კოლეგებს.

„ჩვენ ვიძიებთ კონკრეტულ ფაქტს და კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე სად გადავალთ, ეს არის მსვლელობის საკითხი. ჩემი თხოვნაა, შეფასებებში ვიყოთ ფრთხილი, ვინაიდან თქვენ ხედავთ, რამხელა პასუხისმგებლობა აიღო მმართველმა გუნდმა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, საქმე უნდა წავიდეს სააპელაციო სასამართლოში განსახილველად და ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვაწარმოებთ გამოძიებას. ეს არის უპრეცედენტო რამ. ამიტომ ჩვენს შეფასებაში უნდა ვიყოთ ფრთხილი. ჩვენმა შეფასებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საქმის მსვლელობაზე. ამიტომ თითოეულს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს“ , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოთარ კახიძის მოსაზრებით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, კომისიის წევრების ვალდებულებაა, რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ის, ვისი ბრალეულობაც შეიძლება გამოიკვეთოს, მხილებული უნდა იქნას და შესაბამისი დასკვნა მომზადდეს.

დღესვე დეპუტატებმა კომისიის მუშაობის გრაფიკი დაამტკიცეს. კომისიის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირაში 3 შეხვედრა დაიგეგმა. შემდეგი - მესამე, მეოთხე და მეხუთე სხდომა, 20, 21 და 22 ივნისს, 10:00-16:00 საათზე გაიმართება.

დღესვე კომისიის ფარგლებში 2 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თითოეული სამკაციანი შემადგენლობით. აღნიშნულ ჯგუფებს სახელობითი შემადგენლობით კომისია ოთხშაბათს, მორიგ სხდომაზე დაამტკიცებს. სერგი კაპანაძის განმარტებით, ერთი სამუშაო ჯგუფი იქნება პენიტენციარულ სისტემაში შესვლის მანდატით, ხოლო მეორე - დაკითხვის საწარმოებლად.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მზად არის ინტენსიური მუშაობა დაიწყოს.

„მინდა ყველა დეპუტატს მოვუწოდო, რომ აქტიურად გაეცნონ მასალებს, რადგან ჩვენ რამდენიმე დღეში ახსნა-განმარტებისთვის კონკრეტული ადამიანების დაბარება უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.