ირაკლი ბერაია ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა

08 ნოემბერი 2019
ირაკლი ბერაია ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვდა სტუდენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და სკოლის შემდგომი პროგრამის დასრულების შედეგად სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობენ.

კომისიის თავმჯდომარე მათ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე, სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების პრიორიტეტებზე, კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და სტუდენტების სასწავლო პირობებს გაეცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტები დეპუტატს სხვადასხვა საკითხზე ესაუბრნენ და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.