საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის დებულება


დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის
16 სექტემბრის N284/22 გადაწყვეტილებით


საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები


1. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია (შემდგომ - დროებითი კომისია) არის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 2 აპრილის N4447-IIს დადგენილებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის (შემდგომ - პარლამენტი) დროებითი სუბიექტი.
2. დროებითი კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის (შემდგომ - რეგლამენტი), სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 2. დროებითი კომისიის მიზანი, ამოცანები და უფლებამოსილებანი

1. დროებითი კომისიის მიზანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მიმართულ ღონისძიებათა კოორდინირება, მათ განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესება, სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეწყობა და აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებისა და დასკვნების მომზადება, რეკომენდაციების შემუშავება.
2. დროებითი კომისია:
ა) შეისწავლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად მონაწილეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების შემუშავებაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებების, გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარულ სხდომას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების, დადგენილებების, ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებას;
ე) უფლებამოსილია ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკურ-სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოისმინოს თავის სხდომებზე მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაციები და ანგარიშები;
ვ) უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებიდან, და სხვა ორგანიზაციებიდან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგს, გამოითხოვს ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან წერილობით ინფორმაციას მიმდინარე სამუშაოების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი კომისიის სხდომებზე ისმენს ამ უწყებათა პასუხისმგებელ პირთა ანგარიშებსა და ინფორმაციებს;
თ) უფლებამოსილია დროებითი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი დროებითი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;
ი) ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით დროებითი კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან.

მუხლი 3. დროებითი კომისიის შემადგენლობა და სტრუქტურა


1. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით კომისიაში ოპოზიციის – იმ პარლამენტის წევრთა ერთობლიობის წარმომადგენლობა, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არ უნდა იყოს დროებითი კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
2. დროებითი კომისიის შემადგენლობაში არიან: თავმჯდომარე, მდივანი და დროებითი კომისიის სხვა წევრები.
3. დროებითი კომისია თავის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე თავის შემადგენლობიდან ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
4. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს არეგულირებს რეგლამენტი.
5. დროებითი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი არიან დროებითი კომისიის თანამდებობის პირები.

მუხლი 4. დროებითი კომისიის თავმჯდომარე

დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს კომისიის აქტებსა და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. დროებითი კომისიის მდივანი

დროებითი კომისიის მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას;
ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
გ) კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
დ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 6. დროებითი კომისიის მუშაობის წესი

1. დროებითი კომისიის სხდომების გამართვის ადგილსა და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომა.
2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტითა და ამავე დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
5. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 7. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. დროებითმა კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, აგრეთვე გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. დროებითი კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედით და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტს.
3. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.

მუხლი 8. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა


1. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის უფროსი შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან.
3. დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
4. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

მუხლი 9. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა

1. დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტს 3 თვეში ერთხელ მაინც, აგრეთვე დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლისას და დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისას წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ იგი პარლამენტს არ წარუდგენს ანგარიშს ან პარლამენტი წარდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეცვლის შესახებ.
2. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია პარლამენტის 2019 წლის 2 აპრილის N4447-IIს დადგენილებით.