ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

14 ნოემბერი 2017
 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა წარადგინა. 

ცვლილების თანახმად, ერთ-ერთი მშობლის მიერ საქორწინო ურთიერთობაში შესვლის შემდეგ, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმება ავტომატურად არ მოხდება.

სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგადაც, აღნიშნული კანონპროექტი შემუშავდა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება და ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

„ნელ-ნელა, შესაძლებლობების გარგლებში, გაგრძელდება ამ სოციალური ჯგუფის ინტერესების დაცვა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინი ბევრ პრობლემებს აწყდებიან. ეს ცვლილება არის გზავნილი, რომ სახელმწიფო სერიოზულად იწყებს ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრს. ჩვენ ვაპირებთ რეალობიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული რეფორმების ჩატარებას, რათა ამ ადამიანების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სხდომაზე, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის შესახებ ანგარიში, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესრულებაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, რომელიც 2017 წელს დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით მოიმატა.

9 თვის მონაცემებით, რეალურმა ზრდამ შეადგინა 4,7%. ფინანსთა მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლოსთვისაც შენარჩუნდება.

გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მიზეზებზე, რომელმაც ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა განაპირობა.
მომხსენებლის თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. „ცხრა თვის მდგომარეობით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 12.1 %-ით აღემატება. ზრდაა ექსპორტის კუთხით და იგი 1 940.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.3%-ით მეტია, ხოლო იმპორტი მეტია 7.4%-ით და შეადგენს 5 627.2 მლნ. აშშ დოლარს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ექსპორტი გაზრდილია 18,9%-ით და შეადგინა 462 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი კი 2,3%-ით და 1. 622 მლნ დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, გაზრდილია ფულადი გზავნილების მაჩვენებელი 22,4%-ით.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კარგი დინამიკა აღინიშნება ტურიზმის თვალსაზრისით. 2017 წლის ცხრა თვეში, საქართველოს 5 მილიონ 823 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 19.3 %-ით აღემატება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შემოსავლების ნაწილი შესრულებულია 104,8%-ით და დაგეგმილი 6 854 539.5 ათასი ლარის ნაცვლად შემოსავალმა 7 186 235.9 ათასი ლარი შეადგინა.

მისივე განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილი იყო 11 415,5 მლნ ლარის ოდენობით. 9 თვის გეგმა იყო 8 514,4 მლნ ლარი და ამ გეგმის რეალურმა შესრულებამ შეადგინა 95,9%. წლიურ გეგმასთან მიმართებაში 9 თვეში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 74,6%, რაც მომხსენებლის განმარტებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

უწყებების მიხედვით ხარჯების შესრულების მაჩვენებლებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, რაც ძირითად შემთხვევაში 90%-დან 100%-მდე მერყეობს, რაც მაღალ შესრულებას წარმოადგენს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 96,8%-ს, იუსტიციის სამინისტროსი 98,2%-ს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსი კი, 99%-ს. სახალხო დამცველის აპარატის შესრულების მაჩვენებელი 116%-ია, იურიდიული დახმარების სამსახურის მაჩვენებელი შედარებით დაბალია, რომელმაც 80% შეადგინა ხოლო, პერსონალური მონაცემთა დაცვის აპარატის შემთხვევაში არის 86,8%.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ წარადგინა.

კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დახვეწას წარმოადგენს.

მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. ამ პრობლემის მოგვარებისათვის საქართველოს საკანონმდებლო სივრცე არ ითვალისწინებს შესაბამის რეგულაციას.

შემოთავაზებული ცვლილება ადგენს, რომ 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. მომხსენებლის განმარტებით, მიზანშეწონილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეიმუშაონ შესაბამისი წესი, რომელიც დაადგენს რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად.

კანონპროექტის თანახმად, იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა. აღნიშნული ქმედება 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. აგრეთვე, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ცვლილებით, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე გაჩერება ან დგომა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. წარმომადგენლობითი ორგანოები თვითონ გადაწყვეტენ, თუ რომელი მანქანა შეიძლება ჩაითვალოს მიტოვებულად.

მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კახაბერ კუჭავამ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კიდევ ერთი კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მიღების მიზეზს მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდის ახალი სისტემის ეტაპობრივი დანერგვა წარმოადგენს.

მომხსენებლის განმარტებით, დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - ელექტრონული გადახდის საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ ახალმა კანონმა განსაზღვრა ახალი ცნება - მიწისზედა ელექტროტრანსპორტი, რომელიც თავის თავში მოიცავს ტროლეიბუსსა და ტრამვაის, რის გამოც მიზანშეწონილია შესაბამისი ტერმინოლოგიური ცვლილების შეტანა.

მომხსენებლის განმარტებით, უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება, თუმცა ამავდროულად, საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.

კანონპროექტის თანახმად, მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

სხდომაზე დეპუტატები მიესალმნენ გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას თუმცა, გამოითქვა მოსაზრებები, რომ ერთბაშად ჯარიმის საფასურის ამდენად გაზრდამ შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს, რადგან შესაძლოა მგზავრებმა ვერ შეძლონ აღნიშნული ჯარიმის გადახდა.

„იმ პირთა წრე, რომლებიც საერთოდ არ იხდიან მგზავრობის საფასურს ან სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით არის ძალიან დიდი. აქ შედიან როგორც პენსიონრები, სოციალურად დაუცველები ომის ვეტერანები ასევე, სტუდენტები და მოსწავლეები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

თუმცა, დაეთანხმა მოსაზრებას და მზაობა გამოთქვა შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების გამართვაზე, რათა მკაფიოდ განისაზღვროს თუ რას ნიშნავს ბილეთის დაუყოვნებლივი შესყიდვა.

„არის გარემოებები, რომელთა დროსაც მგზავრმა შესაძლოა ფიზიკურად ვერ მოასწროს ბილეთის საფასურის გადახდა. ამიტომ საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს რას ნიშნავს ბილეთის დაუყოვნებლივი შესყიდვა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი თანმდევ - „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა.

აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია მიმდინარე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდება აღნიშნული პროცედურის გავლა.

მომხსენებლის თქმით, აღნიშნული თავის მხრივ, დღეისათვის არსებული ტერმინოლოგიის დახვეწას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი წესების განსაზღვრისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ტესტირების ცენტრების მიმართ შესაბამისი მოთხოვნების დაწესებას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადასტურებისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას და მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესებას საჭიროებს.

კანონში შესატანი ცვლილებების მიზანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება და საერთაშორისოდ დამკვიდრებული ტერმინების ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრება.

კანონში შესატანი ცვლილებების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთან შესაბამისობაზეც ტარდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, მისი გავლის დადასტურების ფორმა, პერიოდულობა და სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საფასურები.

მთავრობის ნორმატიული აქტით, ასევე, მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნების დაწესება და მისი პერიოდულობის განსაზღვრაც. ცალკეული ჯგუფების ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის ზღვრულ თარიღებს დააწესებს მთავრობა.

წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, საქართველოს მთვარობამ შესაბამისი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს 2017 წლის 1 დეკემბრამდე.

ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით, უმჯობესდება აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრის მუშაობის ხარისხის მონიტორინგის მექანიზმი. ამავე დროს ცვლილება უნდა იქნას შეტანილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, საჯარიმო სანქციები 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც საექსპლუატაციოდ გადაცემულია სხვა პირზე, გამოიწვევს ფიზიკური პირების 50 ლარის ოდენობით ხოლო, იურიდიული პირებისთვის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

„ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ წარადგინა. მან ვრცლად ისაუბრა იმ პრინციპებზე, რომელიც საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, არსებულ ჩამონათვალს ემატება.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზანია ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერება და მათი პროფესიული გარანტიების გაზრდა. აქედან გამომდინარე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დახვეწა იმგვარად, რომ ადვოკატს მიეცეს სრული შესაძლებლობა ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა, უფრო მაღალი სტანდარტით იქნეს დაცული მისი უფლებები, შეიქმნას ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის გაწევრიანებისა და ორგანიზაციული მართვის ერთიანი ეფექტური მექანიზმი, დაზუსტდეს ეთიკის კომისიის მუშაობის ორგანიზაციული საკითხები.

ამასთან, დეტალურად გაიწეროს დისციპლინური სახდელის გასაჩივრების, საჩივრის განხილვის წესი და პროცედურა. ამავდროულად, დადგინდეს ის სამართლებრივი გარანტიები, რაც კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებული ურთიერთობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საკითხებს დაარეგულირებს.

დეპუტატებმა წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, კენჭი უყარეს კომიტეტის წინა სხდომაზე განხილულ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს.

გალერეა

  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი