ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა

04 დეკემბერი 2018
 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილებების თანახმად, ნაოსნობის წესების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება ხდება გემის ტექნიკური მახასიათებლების (წყალწვა, წონა, სიგრძე, ძრავის მოცულობა, ტონაჟობა და სხვა) მიხედვით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სანაოსნო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა, ზოგიერთ შემთხვევაში, აღემატება თავად მცურავი საშუალებების ღირებულებას.

ამასთან, კანონი არ ითვალისწინებს სანქციების დიფერენცირების შესაძლებლობას არა მხოლოდ მცურავი საშუალებების ღირებულების, არამედ მათი ტევადობის გათვალისწინებით, რაც გარკვეულ შემთხვევაში უარყოფით გავლენას იმ მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს მცურავი საშუალების ექსპლუატაციით მიღებული თანხა წარმოადგენს.

„ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოვახდინოთ სანქციების დიფერენცირება მცურავი საშუალებების ტევადობის და ღირებულების მიხედვით და ამ მცურავი საშუალებების მიერ გამოწვეული ზიანის მიხედვით იმისთვის, რომ დაკისრებული სანქციები იყოს სამართლიანი და მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა და დისკრეცია, რომ სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გამოიყენოს ჯარიმის ესა თუ ის ოდენობა“, - განაცხდა ნათია მეზვრიშვილმა.

კანონპროექტით, მინიმალურ ტონაჟობად განისაზღვრა 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემი, რომლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით; 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით; 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 5000 ლარის ოდენობით;500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 10000 ლარის ოდენობით; 3000-დან 5000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 15000 ლარის ოდენობით; 5000-დან 8000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 20000 ლარის ოდენობით; 8000-დან 10000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის პასუხისმგებლობა განსაზღვრულ იქნა 30000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალურ პასუხისმგებლობად დადგენილ იქნა 50000 ლარი 10000 ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემის მიერ ნაოსნობის წესების დარღვევისთვის.

ცვლილების პროექტში დაკონკრეტებულია, თუ რომელი ქმედება ითვლება ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევად. შესაბამისად, სამართალდარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, განხორციელდა ჯარიმის ოდენობის დიფერენცირება 50 ლარიდან - 200 ლარამდე. კანონის მოქმედი რედაქციით, ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის წესების დარღვევა, რაც ჯარიმდება 300 ლარით. ცვლილების პროექტში დაკონკრეტებულია ზომამცირე მცურავი საშუალებების ტიპი (ნიჩბიანი ან გასაბერი ნავი ძრავის გარეშე, ჰიდროციკლი, იახტა და ა.შ.) და ძრავის სიმძლვარე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი დამრღვევი ისჯება 50 ლარიდან 250 ლარამდე ოდენობის ჯარიმით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანს.

კომიტეტის წევრებმა მესამე მოსმენისთვის განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებად განისაზღვრება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება ან/და განხორციელება, ასევე აღნიშნული პირების პროგრამებში ჩართვისთვის ხელის შეწყობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებების შენობების ვიდეოთვალთვალი, ასევე სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის, არამედ საგამოცდო/ტესტირების მიზნებისთვისაც.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა განაცხადა, კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდების/ტესტირებების მიმდინარეობისას ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების შესაძლებლობის დადგენა, რასაც კანონის მოქმედი რედაქცია ფაქტობრივად გამორიცხავს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტმა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან კონსულტაცია გამართა და მათი დასკვნა დადებითია.

„მივესალმები ისეთი ტიპის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომელსაც აქვს თავისი საფუძვლები დ ეს საფუძვლები ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი კანონში. ეს, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის და აგრეთვე იმისთვისაც, რომ თუ სამართლებრივად რაიმე ხარვეზი დაფიქსირდება გამოცდების დროს, ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა ჭეშმარიტება დაადგინოს. ამ ცვლილებებს, ასევე პრევენციული ხასიათი აქვს და ამას ბუნებრივია მივესალმებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა , 2018 წლის 4 დეკემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა , 2018 წლის 4 დეკემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა , 2018 წლის 4 დეკემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა , 2018 წლის 4 დეკემბერი
  •  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა , 2018 წლის 4 დეკემბერი