ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

11 მარტი 2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“ თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარმოადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ამ კანონპროექტზე.

„2013 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ტყის კონცეფცია, სადაც მითითებული იყო, რომ ტყის სფეროში უნდა შექმნილიყო ახალი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს დაამკვიდრებდა და რომელიც შექმნიდა სატყეო მეურნეობებს, სადაც მდგრადად მოხდებოდა ტყით სარგებლობა და ხე-ტყის რესურსებზე წვდომა. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენი კანონმდებლობა დავუახლოვოთ ტყის მდგრადი მართვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შემოდის ტყის სრულიად ახალი განმარტება და შესაბამისად, ახლებურად მოხდება ტყის საზღვრების დადგენა და ჩატარდება შესაბამისი ინვენტარიზაცია.

მისივე თქმით, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაცემა სრულიად უქმდება და შემოდის ტყის მრავალფუნქციური სარგებლობის პრინციპები, რაც გულისხმობს, რომ ტყე თავისი არსით დაიყოფა კატეგორიებად - იქნება სხვადასხვა კატეგორიების ტყე, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტყე მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებითა და მართვის ძირითადი მიზნების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დაცული ტყე;
ბ) დაცვითი ტყე;
გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;
დ) სამეურნეო ტყე.

როგორც ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, ტყის კოდექსის მიხედვით, ქვეყნაში შეიქმნება სატყეო მეურნეობები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სადაც მოხდება ხე-ტყის დამზადების სამუშაოები, რაშიც ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა და ეს იქნება დასაქმების საშუალება, ამ პროცესს კი, ორგანიზებულად წარმართავს ტყის მართვის ორგანო, რომელიც სრულიად ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალური ჭრა ეტაპობრივად ჩანაცვლდება უშუალოდ მართვის ორგანოს მიერ დამზადებული ხე-ტყით, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია.
ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტის სხვა ძირითადი პრინციპებიც გააცნო, რის შემდეგაც მათ კითხვებს უპასუხა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ტყის კოდექსის შემუშავებაზე ძალიან დიდი შრომაა გაწეული და ახალი კანონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტყის მდგრადი განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში.

„ეს კანონი მნიშვნელოვნად დაარეგულირებს ტყის მდგრადი განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას, მის დაცვასაც და განვითარებასაც. მნიშვნელოვანია კომპეტენციის გადანაწილების კომპონენტი. წარმოდგენილი კანონპროექტი უდავოდ მოკლე და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი ინიციატივაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“.

კანონპროექტის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ ფიზიკური პირების ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

შემოთავაზებული პროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდება:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;
ბ) ასაკით პენსიონერი (ქალი 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი 65 წლის ასაკიდან);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

პროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან. კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული დათქმის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, კახაბერ კუჭავამ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ძირითადად ეხება დამტვერიანების წინააღმდეგ ბრძოლას თბილისის მასშტაბით და მის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის მერიამ.

კანონპროექტის თანახმად: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

როგორც კახაბერ კუჭავამ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის პირველ ივლისამდე უნდა განსაზღვროს წესი, რომლის მიხედვითაც ისინი აკრძალავენ და გააკონტროლებენ ასეთი მასალების შენახვას, ხოლო კანონპროექტი ამოქმედდება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 11 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 11 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 11 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 11 მარტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ტყის კოდექსის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2019 წლის 11 მარტი