ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა

21 იანვარი 2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საპარლამენტო პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ანგარიშის პასუხად, დღესვე კომიტეტმა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოხსენებასაც მოუსმინა. 

„ჩვენ გვქონდა სახალხო დამცველის მომართვა სპეციალური ანგარიშის ფორმით და მან როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულმა ორგანომ, მოითხოვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე მოსმენის უზრუნველყოფა, ასევე იუსტიციის მინისტრმა მოითხოვა კომიტეტის წინაშე წარდგომა. გადავწყვიტეთ, რადგან თემატურად ეს ორი საკითხი ერთმანეთს ემთხვევა, გაგვეერთიანებინა პროცედურულად ორივე საკითხი და კომიტეტის ერთი სხდომის ფარგლებში მოგვესმინა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოზიტიურად შეაფასა კომიტეტის გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო სპეციალური ანგარიშის მოსმენა 4 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის თაობაზე და ასევე, იუსტიციის მინისტრის სურვილი, რომ სწორედ ამ ფორმატში ჩატარებულიყო საკომიტეტო მოსმენა.

„ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა ანგარიშმა, არაერთი შეკითხვა გაჩნდა და ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა კომიტეტი არის ის ადგილი, სადაც ამ შეკითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. დასკვნები, რომელიც ჩვენს ანგარიშში მოხვდა, აღნიშნულია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებში, ამიტომ დღევანდელი განხილვა წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებასაც“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისი ინფორმაციით 2019 წლის ივლის-აგვისტოში სახალხო დამცველმა განახორციელა მე-2, მე-8, მე-14 და მე-15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობისა და მისი გამოვლინებების შესწავლა. მისივე თქმით, ანგარიშში შეფასებულია ჯანმრთელობის კუთხით არსებული მდგომარეობა, გადატვირთულობის, პერსონალის ნაკლებობის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით არსებული გამოწვევები.

„სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში უკვე წლებია საუბრობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კრიმინალურ სუბკულტურასა და ამ ფენომენის გაძლიერებაზე, თუმცა წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეზომა აღნიშნული ფენომენის არსებობა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი მასშტაბი და გამოვლენის ფორმები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს პოზიცია გააცნო კომიტეტს. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში გაჟღერდა სიმართლეც და ჭორებიც. მისი ინფორმაციით, 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობა იყო 9762 პირი. აქედან მსჯავრდებული - 7968, ხოლო დანარჩენი იყო ბრალდებული და ელოდა განაჩენს.

„2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი. შედარებისთვის, ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს - 140, ხოლო მოგვიანებით 1013-2018 წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, თუ სახალხო დამცველის წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომ არის ეს რიცხვი დაბალი. „ალბათ იმიტომ, რომ 15-ვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი დილის მდგომარეობით, საქართველოს საპატიმროებში შიმშილობს 27 პატიმარი, აქედან 16 არის ბრალდებული და მათი პრეტენზია არის არა პენიტენციურ სისტემასთან, არამედ სისხლის სამართლის დევნის ან საგამოძიებო ორგანოსთან, ხოლო მოშიმშილე 11 პირი მსჯავრდებულია.

თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს კომიტეტმა მოისმინა სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც მესამე წელია აღნიშნულ თანამდებობაზეა და პატიმრებთან არ დადის. მისი ინფორმაციით 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ 4-ჯერ, სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა 1 პატიმარი, მე-7 დაწესებულება მოინახულა, როდესაც ის იყო ცარიელი ანუ გახსნამდე. 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია მე-9 დაწესებულებაში გიორგი მამალაძეს, ოქტომბერში კი გლდანის დაწესებულებაში მოინახულა მირზა სუბელიანი. მისივე განცხადებით 2019 წელს სახალხო დამცველს პატიმარი არ მოუნახულებია. „2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე. როდესაც პატიმარი დაჟინებით ითხოვს პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში პირადად უნდა დადიოდეს და კიდევ რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

„მე ვარ ამაყი, რომ ვარ ქართული ოცნების მინისტრი, პირველი მინისტრი იუსტიციის, რომელიც მართავს პენიტენციურ სისტემას და რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, გახადა საჯარო მოხელეები. ეს ადამიანები დიგიტალიზაციის პროექტზე სხედან გლდანის ციხეში, დილით გამოდიან საკნიდან, მუშაობენ, იღებენ ხელფასს და საღამოს შედიან საკანში. აი, ამ ხალხმა მოგწერათ წერილი და დღემდე არ გაგიციათ პასუხი“, - მიმართა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე სახალხო დამცვცელის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს და კითხვები დასვეს. 

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, „წინა წელს კომიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების 84%-ზე მეტი გაითვალისწინა, თუმცა დღევანდელ ანგარიშს იმ ფორმით, რა ფორმითაც თქვენ წარმოადგინეთ, ვერ გავიზიარებთ. მაგალითად ის, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციურ სისტემას მართავს და ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბები გვაქვს, არ შეესაბამება სიმართლეს, თორემ პენიტენციურ სისტემას, რომ კიდევ უფრო მეტად სჭირდება გაჯანსღება, ამაზე არავინ დავობს“, - მიმართა სოფო კილაძემ სახალხო დამცველს.

სოფო კილაძის ინფორმაციით, კომიტეტი სპეციალური ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით დასკვნას შეიმუშავებს.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა, 2020 წლის 21 იანვარი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა, 2020 წლის 21 იანვარი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა, 2020 წლის 21 იანვარი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა, 2020 წლის 21 იანვარი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა, 2020 წლის 21 იანვარი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა, 2020 წლის 21 იანვარი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინა, 2020 წლის 21 იანვარი