ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოციალური მუშაკის საქმიანობის თაობაზე უწყებების ანგარიში მოისმინა

18 აპრილი 2017
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოციალური მუშაკის საქმიანობის თაობაზე უწყებების ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტი აგრძელებს მუშაობას სოციალური მუშაკის ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწაზე.

კომიტეტის ინიციატივით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია დაიხვეწოს და შეიქმნას ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებს სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, დახვეწავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და შესაბამისად უპასუხებს იმ სხვა გამოწვევებს, რომლებიც არსებობს აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებით. „სოციალური მუშაკი ძალიან ბევრი და დიდი საპასუხისმგებლო ფუნქციის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, სამუშაო ჯგუფი დადებს ძალიან კარგ შედეგს და სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმა ძალიან წარმატებული იქნება საქართველოში“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

სხდომაზე მოწვეულმა უწყებებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ რა კეთდება თითოეულ კონკრეტულ უწყებაში სოციალურ მუშაკთან მიმართებით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც თავს იყრის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელმაც მინისტრის ინიციატივით, საფუძველი ჩაუყარა ყოფილი პატიმრების ან ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას. „ეს არის პირველი ინიციატივა, როდესაც სახელმწიფო პროგრამის სახით ხორციელდება ეს მიმართულება და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის აღმოფხვრას მიიჩნევს საკუთარ მოვალეობად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან დეტალურად ისაუბრა პენიტენციალურ დაწესებულებებში განთავსებულ პირებთან მიმართებაში სოციალური მუშაკების საქმიანობაზე, კერძო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან განხორციელებულ ინიციატივებზე, ასევე, ჯანდაცვის პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობაზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის ინფორმაციით, სოციალური მუშაკის როლი ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკები სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაში ჩაერთვნენ. მისი თქმით, სოციალური მუშაკის როლი, ასევე, განსაკუთრებით გაიზარდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ.

ზვიად მიხანაშვილს მიაჩნია, რომ სწორად უნდა შეირჩეს ის კადრები, რომელთაც უშუალოდ ბენეფიციარებთან უწევთ მუშაობა. მისივე მოსაზრებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური მუშაკის განათლება და სწავლის უწყვეტი რეჟიმი. მას ასევე მნიშვნელოვანად მიაჩნია საკანონმდებლო დონეზე სოციალური მუშაკის უფლებებისა და გარანტიების მოწესრიგება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის ინფორმაციით, სოციალური მუშაკის ფუნქციის ზრდის პარალელურად იზრდება მათი რაოდენობა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს ჰყავს სოციალური მუშაკები, ამასთანავე, ყოველ რეგიონს ჰყავს ერთი უფროსი სოციალური მუშაკი. მან ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის შესახებ, სააგენტოს მიზნობრივ ჯგუფებზე, ასევე, იმ პრობლემებზე, რომელიც აღნიშნული მიმართულებით არსებობს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დისკუსია გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს მიმართა, ერთი კვირის ვადაში პრინციპების დონეზე წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები რეფორმასთან მიმართებით, რათა კომიტეტმა მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს ისინი.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოციალური მუშაკის საქმიანობის თაობაზე უწყებების ანგარიში მოისმინა, 2017 წლის 18 აპრილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოციალური მუშაკის საქმიანობის თაობაზე უწყებების ანგარიში მოისმინა, 2017 წლის 18 აპრილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოციალური მუშაკის საქმიანობის თაობაზე უწყებების ანგარიში მოისმინა, 2017 წლის 18 აპრილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოციალური მუშაკის საქმიანობის თაობაზე უწყებების ანგარიში მოისმინა, 2017 წლის 18 აპრილი