იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

11 აპრილი 2019
 იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს 32 პარლამენტის წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტები სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინა. მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კანონპროექტის შემუშავება განაპირობა.

„ვინაიდან შრომის კოდექსში გარკვეული არ იყო დამსაქმებლის და დასაქმებულის განსაზღვრებები, დამსაქმებლების გარკვეულმა კატეგორიამ შეცვალა ხელშეკრულებები და დასაქმებულები სერვისის ანუ მომსახურების ხელშეკრულებებზე გადაიყვანა, რათა თავი აერიდებინათ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული 2%-იანი შენატანის განხორციელებისთვის, რაც ნამდვილად უსამართლოა“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მან, კონფიდენციალურობის დაცვით, სხდომაზე ამ ფაქტების დამადასტურებელი ხელშეკრულებები წარმოადგინა.
ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება არ არის მხოლოდ და მხოლოდ იმით გამოწვეული, რომ ვიღაცამ თავი არ აარიდოს საპენსიო შენატანის განხორციელებისა.

„თუ ამ ტიპის ხელშეკრულებები ყოველდღიური ჩვენი შრომითი ურთიერთობების შემადგენელი გახდება, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ვალდებულება დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ აღარ ექნება, მაგალითად იმ თვალსაზრისით, რომ: არ ექნება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვალდებულება, არ ექნება ანაზღაურებადი შვებულების მიცემის ვალდებულება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომელიც დააზუსტებს თუ რა შრომითი ურთიერთობა გულისხმობს კონკრეტულად დასაქმებულის და დამსაქმებლის ვალდებულებებს და რა შემთხვევაში შეიძლება იწოდებოდეს დამსაქმებლად და დასაქმებულად ორივე სუბიექტი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პარალელურად შედის ცვლილება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონშიც, რომელიც არის ტექნიკური ხასიათის და გამომდინარეობს ამ კანონპროექტიდან“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პროექტის თანახმად, ცვლილება შედის ორგანული კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ და განიმარტება „შრომითი ურთიერთობის“ ცნება. კერძოდ, კანონში იწერება ის გარემოებები და მიეთითება ის ალტერნატივები, პირობები და ამ პირობების ის მინიმალური ოდენობები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს სამართლებრივი ურთიერთობა, რომ იგი შრომით ურთიერთობად ჩაითვალოს. 

კანონპროექტით, ხდება ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-7 მუხლის ამოღება, რომელიც უთითებს, თუ დროის რა მომენტიდან წარმოიშობა შრომითი ურთიერთობა. კანონში ამ მუხლის არსებობა საჭირო აღარ იქნება, ვინაიდან კანონპროექტით წარმოდგენილი „შრომითი ურთიერთობის“ ცნების განმარტებიდან ისედაც ჩანს და დგინდება, თუ როდის წარმოიშობა შრომითი ურთიერთობა.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ამოღება ხდება ორგანული კანონის მე-10 მუხლის, რომელიც აცხადებს, რომ: „დასაქმებული ვალდებულია სამუშაო პირადად შეასრულოს. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსაზღვრული ვადით სამუშაოს მესამე პირის მიერ შესრულებაზე.“ კანონში ამ მუხლის არსებობა საჭირო აღარ იქნება, ვინაიდან: 1) კანონპროექტით წარმოდგენილი „შრომითი ურთიერთობის“ ცნების განმარტებიდან ისედაც ჩანს, რომ დასაქმებული სამუშაოს პირადად ასრულებს; 2) დამსაქმებელსა და დასაქმებულს კანონში სპეციალური მითითების გარეშეც შეუძლიათ, რომ შეთანხმდნენ განსაზღვრული ვადით სამუშაოს მესამე პირის მიერ შესრულებაზე; თუმცა განსაზღვრული ვადის განმავლობაში მესამე პირის მიერ სამუშაოს შესრულება იმგვარად არ უნდა აღიქმებოდეს, რომ ამ დროს სამუშაოს თითქოს აღნიშნული დასაქმებული ასრულებდეს, არამედ ამ პერიოდში დამსაქმებელსა და აღნიშნულ დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა, როგორც წესი, შეჩერებული უნდა იყოს, რადგან შრომითი ურთიერთობის ზოგადი პრინციპის თანახმად სამუშაო დასაქმებულმა პირადად უნდა შეასრულოს.

კანონპროექტის წარმოდგენის შემდეგ კომიტეტების წევრებმა გამოთქვეს შენიშვნები.

„სულისკვეთებას ვეთანხმები, რომ შეიქმნას მეტი გარანტიები, მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ დასაქმებული იყოს დაცული, მაგრამ ამ გზით, ეს აცდენილია სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებს და მოვაქციოთ სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოში და ისე გადავდგათ ნაბიჯი, რომ უკეთესი კანონმდებლობა შევქმნათ. თუნდაც ერთი მაგალითი იმის, რომ მოქმედი კანონმდებლობით, უფრო ფართოდ არის ეს სამართლებრივი ურთიერთობები განხილული, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებებით ვიწროვდება ეს საკითხი - მხოლოდ კოდექსზე მითითებით, უკვე ნათელს ხდის იმას, რომ მიუხედავად ძალიან გულწრფელი და კარგი სურვილისა უკეთესი კანონმდებლობა შეიქმნას, შეიძლება უკან გადადგმულ ნაბიჯი იყოს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატების მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, ბექა ნაცვლიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„თუ ეს კანონპროექტი რომელიმე კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის ან აკნინებს ამ კანონის სულისკვეთებას, ამას გავიზიარებ და შეიცლება, მაგრამ პრინციპი ამაში არის სხვა. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა მომავალში იცოდნენ რა არის ნამდვილი შრომითი ხელშეკრულებით დასარეგულირებელი შრომითი პრაქტიკა და რა არ არი. ეს იცოდეს როგორც დამსაქმებელმა, ისე შესაბამისად, დასაქმებულმაც. ამას ეს კანონპროექტი ძალიან კარგად პასუხობს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

საპარლამენტო კომიტეტებმა კიდევ ერთი საკითხი განიხილეს დღეს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, 1992 წლიდან დაიწყო საქართველოში მიწის რეფორმა, რასაც მოჰყვა მიწების მასობრივი განსახელმწიფოებრიობა, თუმცა თავიდან ვერ იქნა აცილებული ის პრობლემები, რომლებიც დღეს აქტუალურია დარგში, მათ შორის, მნიშვნელოვანია ის, რომ ვერ ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დაცვის მკაფიოდ განსაზღვრული მექანიზმი, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა სოფლის მეურნეობის განვითარება.

„იმის გათვალისწინებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს ამოწურვად რესურსს, რომელიც ყოველწლიურად მცირდება - იქნება ეს ადამიანის ზემოქმედება თუ ბუნებრივი კლიმატური პირობების ცვლილების შედეგად, სახელმწიფო ვალდებულია დანერგოს მიწის რაციონალური გამოყენების პრინციპები და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთა სათანადო წვდომა აღნიშნულ რესურსზე. მიწის რაციონალური გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი მცირემიწიანი ქვეყნაში, როგორიც გახლავთ საქართველო“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტი იწყება პრეამბულით, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწა წარმოადგენს სახელმწიფოს ეროვნულ სიმდიდრეს, რომელსაც განსაკუთრებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული ღირებულების მატარებელია სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების რეალიზებისათვის.

კანონის პრეამბულაში მოცემულია ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ორგანული კანონი ეფუძნება. ეს გახლავთ:

  • საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით;
  • მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა;
  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა;
  • ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

„მიწის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავება განაპირობა ბოლო საუკუნის განმავლობაში მიწის ბაზრის არათანმიმდევრულმა განვითარებამ. თითქმის 70 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობაში მიწა წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას, საბჭოთა კავშირის პირობებში, და შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დაიწყო მასობრივი განკერძოება, დღემდე ვერ მოხერხდა პირველადი რეგისტრაციის პროცესის სრულფასოვანი დასრულება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს:
ა) სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირი
გ) საქართველოს მოქალაქე
დ) საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.

პროექტის თანახმად, დომინანტი პარტნიორი არის საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი ან პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის წილის/აქციის/პაის 50%-ზე მეტი ან/და წარმოადგენს პარტნიორების ან დამფუძნებლების/წევრების უმრავლესობას და აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს იურიდიული პირის გადაწყვეტილებაზე.

კანონპროექტი უშვებს გამონაკლის უცხოელის ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირისათვის (როდესაც დომინანტი პარტნიორი არის უცხოელის ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი). ასეთ იურიდიულ პირებს საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე შეიძლება წარმოეშვათ მხოლოდ საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

პროექტის თანახმად, საინვესტიციო გეგმა არის - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენების ამსახველი დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული პირი იღებს ვალდებულებას განახორციელოს სათანადო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ინოვაციური საქმიანობების დანერგვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, საერთაშორისო ან/და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების ან/და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესრულების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ არ ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საქართველოს კანონმდებლობით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და ფინანსური ინსტიტუტების ნებადართული საქმიანობის შედეგად.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გალერეა

  •  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
  •  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
  •  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
  •  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
  •  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
  •  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა