სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ევროსაბჭოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ

20 აპრილი 2017
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ევროსაბჭოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ქართველი კანონმდებლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ, რომელზეც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ. 

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან, ვოიცეკ სავიცკის, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, ტორბორნ იაგლანდს, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელ, გიუნტერ შირმერს და სხვადასხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.

პარლამენტის წევრები ევროპელ კოლეგებთან იმ ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს. შეხვედრებზე ქართველი კანონმდებლები 2017-2018 წლების კომიტეტის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას წარადგენენ და კომიტეტის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრებენ.

ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში ძირეულ რეფორმებში აქტიურად არის ჩართული. ამდენად, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანისათვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციის მეტად გაძლიერებას გეგმავს"- განაცხადა სოფო კილაძემ ვიზიტის მნიშვნელობის შეფასებისას.