სოფო კილაძე: მიზანს, რომ თითოეული ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ

28 ოქტომბერი 2019
სოფო კილაძე: მიზანს, რომ თითოეული ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსის 2019-2024 წწ სამოქმედო გეგმის პროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ წარუდგინა.
 
ჩვენ წარსულში გვქონდა გარკვეული ტიპის რეფორმები, რომელსაც არ მოჰყვა მკაცრად და ზუსტად გაწერილი სამოქმედო ნაბიჯები. იმისთვის, რომ პარლამენტს გაუადვილდეს საზედამხედველო საქმიანობა და ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა დროულად გადადგას ყველა ნაბიჯი აღნიშნული კოდექსის იმპლემენტაციისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ვადა და ინდიკატორი, რომელიც გეგმაშია განსაზღვრული, მაქსიმალურად იქნება მიღწეული. მიზანს, რომ თითოეული ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონპროექტი სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი ეტაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარება, მისი ინფორმაციით, ამ მომსახურებით სერვისის მიმღებთა საკმაოდ მოწყვლადი კონტიგენტი სარგებლობს. „ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობით გაიწეროს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისები და დადგინდეს ამ სერვისებისა და მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებათა მონიტორინგის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული მონიტორინგის მექანიზმი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
 
მისი განცხადებით, მონიტორინგის მექანიზმის საფუძველია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მონიტორინგის ინსტრუმენტი (WHO QualityRights Tool Kit). იგი განკუთვნილია დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების, სპეციალური შეფასების კომიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, ჯანმრთელობის ეროვნული ან ფსიქიკური ჯანმრთელობის კომისიების, ჯანდაცვის მომსახურების აკრედიტაციის ორგანოების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ეროვნული მექანიზმების მიერ, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობის მიზნით. „წარმოდგენილი კანონპროექტი კი აკანონებს ამგვარი ინსტრუმენტის გამოყენებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ“, - აღნიშნა მომხსენებელმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, გარკვეულ მიმართულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის კუთხით სერიოზული გამოწვევებია. „ამ ადამიანებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა, ამიტომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ გარკვეული დათქმებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
 
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, გია ჟორჟოლიანმა წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის არსს წარმოადგენს ის, რომ მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულ პირებზე გავრცელდეს შრომის ანაზღაურების 35 პროცენტიანი დანამატი, როგორც ეს არის საჯარო სკოლის პედაგოგების შემთხვევაში.

გია ჟორჟოლიანმა წარმოადგინა ასევე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც თანახმად, მხარდაჭერის მიმღები პირი შეძლებს სხვა მოქალაქეებთან თანასწორ გარემოში მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, რასაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 29-ე მუხლი („პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა“) ავალდებულებს საქართველოს. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე, ანუ მხარდაჭერის მიმღებ პირთა საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული საარჩევნო ბიულეტენები ხელს შეუწყობს ამ ადამიანების უფრო ეფექტურად მონაწილეობას არჩევნებში. 

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონპროექტი საკანონმდებლო პაკეტთან ერთად მუხლობრივად წარუდგინა კომიტეტს. კანონპროექტის მიღების შედეგად, გაერთიანდებიან იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და – დანაშაულის პრევენციის ცენტრი და ისინი სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახით ჩამოყალიბდებიან. გაერთიანდება ამ დაწესებულებათა ფუნქციებიც. 

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ორგანული კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დეპუტატებს ერთ-ერთმა ინიციატორმა, თამარ ხულორდავამ წარუდგინა. მისი განმარტებით, პარლამენტში განხილვის პროცესშია მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი ევროპული სტანდარტის დამკვიდრება საქართველოში.

ერთ-ერთი საკითხი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა. განისაზღვრება სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო კონკურენციის სააგენტოს სახით, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მომხმარებლის უფლებების დაცვა. ამ კანონპროექტმა გამოიწვია ცვლილებები წარმოდგენილ კანონპროექტებში. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების გარეშე, სასამართლო ვერ განიხილავს მომხმარებლის უფლებების კანონმდებლობიდან გამომდინარე საკითხს, რადგან შესაბამისი პროცედურა არ არის გათვალისწინებული მოქმედ კანონმდებლობაში".

კომიტეტის გადაწყვეტილებით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პასუხისმგებელი პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ხოლო კომიტეტის აპარატიდან აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი თანამშრომელი მირანდა ცხადაძე იქნება.

გალერეა

  • სოფო კილაძე: მიზანს, რომ თითოეული ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, 2019 წლის 28 ოქტომბერი
  • სოფო კილაძე: მიზანს, რომ თითოეული ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, 2019 წლის 28 ოქტომბერი
  • სოფო კილაძე: მიზანს, რომ თითოეული ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, 2019 წლის 28 ოქტომბერი
  • სოფო კილაძე: მიზანს, რომ თითოეული ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, 2019 წლის 28 ოქტომბერი