empty

კომიტეტის საქმიანობის 2012-2013 წლის ანგარიში


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის მთავარი ამოცანები და პრიორიტეტები არის შემდეგი:


• სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა 
საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობაზე მონიტორინგი; სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე მონიტორინგი; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვა; გამოხატვის თავისუფლების დაცვა; რელიგიის თავისუფლების დაცვა; ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სხვა უფლებების დაცვა; 
• სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა
საკუთრების უფლების, სათანადო საცხოვრისის უფლებისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა; იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა; ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სხვა უფლებების დაცვა;
აღნიშნული ამოცანების მიღწევის მიზნით კომიტეტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: საკანონმდებლო საქმიანობა; საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება; მოქალაქეთა მიღება, მათი განცხადებების შესწავლა და სათანადო რეაგირება.

საკანონმდებლო საქმიანობა
1. კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნები კანონპროექტებზე 
კომიტეტმა მოამზადა 88 დასკვნა კანონპროექტზე, რატიფიცირებისათვის წარმოდგებილ კონვენციებსა და საკანონმდებლო წინადადებებზე, რომლებიც წარედგინა წამყვან კომიტეტებსა და კანონპროექტების ინიციატორებს. 
თითოეული დასკვნა, რომელიც კომიტეტის მიერ მომზადდა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასახავს აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებთან და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებთან, რაც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. 
საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით კომიტეტმა შესაბამის დასკვნებში წარმოადგინა შენიშვნები როგორც სამოქალაქო-პოლიტიკურ, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მოთხოვნების დაცვის კუთხით. მათი უმეტესი ნაწილი გათვალისწინებულ იქნა ინიციატორების მიერ კანონპროექტების საბოლოო სახით შემუშავებისას. 
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ამოცანაა ისეთი საკანონმდებლო ზომების მიღება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეფექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებასა და საზოგადოების მხრიდან მისი სანდოობის ამაღლებას. ამ პრინციპის შესაბამისად, კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ იქნა ცვლილებები ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონში. აღნიშნული ნორმატიული აქტების მიღებით შესაძლებელი გახდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაცია, მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებისათვის ეფექტური რეგულაციების შემოღება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა. 
სასამართლო პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის განმტკიცების მიზნით კომიტეტმა მხარი დაუჭირა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ამ გზით დარეგულირდა სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების, ფოტო გადაღების, კინო-ვიდეო, აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის საკითხი. 
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს - პროკურატურის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებს, რის შედეგადაც მოხდა იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ფუნქციების გამიჯვნა, შესაბამისი უწყებების საქმიანობის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. 
კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ამოცანა არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. აღნიშნული ამოცანის მიღწევის მიზნით, კომიტეტემა მხარი დაუჭირა ცვლილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმად სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი შეიცვალა უფრო მკაცრი სასჯელის მიერ უფრო მსუბუქი სასჯელის შთანთქმის პრინციპით. 
არსებული მკაცრი და არასამართლიანი პოლიტიკის ჰუმანური მიდგომით შეცვლის მიზნით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტებს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონპროექტების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ კანონით განსაზღვრული მიმართულებების გარდა, სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არამედ პირს ეკისრება ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო ადმინისტრაციულსახდელდაკისრებული პირის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში დგება სისხლისსამართლის პასუხისმგებლობა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამ გზით შესაძლებელი გახდა იმ ,,საკანონმდებლო ვაკუუმის“ აღმოფხვრა, რომელიც, შესაძლოა, წარმოიქნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება სადავო ნორმატიული აქტთან დაკავშირებით.
კონსტიტუციური უფლებების აზრის გამოთქმის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, მასობრივი საშუალებების დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონში, ,,სახალხო დამცველის შესახებ“ და სხვა ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებებს. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირებისა და პასუხისმგებლობის ახალ წესს, რაც ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. 
საქართველოს კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებების რეგულირების გაუმჯობესების მიზნით კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს. 
საქართველოს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიების გაზრდის მიზნით კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას: “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. 
კომიტეტის ინიციატივით დაჩქარდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებისათვის შემოტანა პარლამენტში. აღნიშნული ხელშეკრულების აღიარება საქართველოს მიერ წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისათვის.

2. კომიტეტის/კომიტეტის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები 
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
აღნიშნული ინიციატივა კომიტეტმა წარმოადგინეს საქართველოში სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიზნით. მისი მომზადებისას მხედველობაში იქნა მიღებული საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გავრცელებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და აღნიშნული კანონი წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ ჰუმანიზმის გამოვლენას პატიმრების მიმართ; ასევე, ამ გზით შესაძლებელი გახდა ციხეებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ( მე-80 და 322-ე მუხლები) შესატანი ცვლილებებისა და დამეტებების შესახებ კანონის პროექტი

კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, ადამიანებს, რომლებიც გასულ წლებში გახდნენ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლნი და დაკარგეს პირადი საკუთრებით სარგებლობის უფლება, ეძლევათ შესაძლებლობა, აღიდგინონ დარღვეული უფლებები. ამ კანონის მიღება გააქარწყლებს მოქალაქეებში ჯერ კიდევ არსებულ შიშს და გაუღრმავებს განცდას, რომ მათი ქონება დაცულია უკანონო ხელყოფისაგან; ეს მისცემს მათ სტიმულს, რომ გაამრავლონ ქონება, რაც გაზრდის მათ ბიზნესაქტიურობას; აღნიშნული ფაქტორი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
გ)კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილებების პროექტები 
კომიტეტის განსაკუთრებული მონაწილეობით შემუშავებულ და მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ”.
მითითებული დადგენილების მიღებით 190 პირს მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი და 25 პირს - პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი. 
აღნიშნული პირების დადგენის მიზნით კომიტეტთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აღიარებული ექსპერტები სამართლის სფეროში. კომისიამ იმუშავა 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე და სულ განიხილა 227 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის და 32 პოლიტიკური ნიშნით დევნილის საქმე. 2012 წლის 30 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილების პროექტი „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ”, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა 2012 წლის 5 დეკემბერის პლენარულ სხდომაზე. 
კომიტეტი მიერ შემუშავებულ იქნა სახალხო დამცველის 2012 წლის „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშის მოსმენის შესახებ დადგენილების პროექტი.
კომიტეტმა შექმნა პრეცედენტი, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა და განხილვა შედგა არა ფორმალურად, ცნობად მიღების მიზნით, არამედ დეტალურად. ამისთვის კომიტეტმა სამ ნაწილად დაყო სახალხო დამცველის ანგარიში და თოთოეულს მიუძღვნა ცალკე სხდომა. განხილვისას მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები.
პარლამენტმა 2013 წლის 30 ივლისს დაამტკიცა კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომლის აღსრულებაზე მონიტორინგი დაევალა კომიტეტს.

საზედამხედველო საქმიანობა (მონიტორინგი)
კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კომიტეტი ზედამხედველობას ახორციელებს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე.
ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, ის შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს: 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას
• შეწყალების შესახებ 710;
სულ:710
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს
• მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა 55;
სულ :55
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 
• მოქალაქეობის მიღება - 13
• უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია/სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია - 10;
• ექსტრადიცია - 17;
• შემოსავლების სამსახური - ჯარიმის გაუქმება - 1;
• სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება - 35;
• აღსრულების ეროვნული ბიურო - გამოსახლების შეჩერება - 7;
სულ: 83
მთავარი/რაიონული პროკურატურა
• არასათანადო მოპყრობის, წამების, ზეწოლის ფაქტების გამოძიება - 212;
• საპროცესო ნორმების დარღვევა - 126;
• კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვა - 232;
• ობიექტური გამოძიების ჩატარება - 169;
• სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება - 103;
• სამსახურებრივი გულგრილობა  - 69;
• ქონებრივი და სამსახურეობრივი უფლებების აღდგენა - 78;
• საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება - 17;
სულ:1006

შინაგან საქმეთა სამინისტრო
• სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება - 12; 
• საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება - 9;
• უძრავი ნივთის ხელყოფა/საზღვრის გადმოკვეთა - 3;
• სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება, სამსახურში აღდგენა - 25;
• სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლების აღდგენა - 15;
სულ:64

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო
• მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობის, წამების, ზეწოლის და ცემის ფაქტები - 106;
• მსჯავრდებულ პირთა პირობით ვადამე განთავისუფლება - 271;
• პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა - 64;
• მძიმე დაავადებათა გამო მსჯავრდებულთა სასჯელისაგან განთავისუფლება - 61;
• მსჯავრდებულთა ნახევრად ღია სამკურნალო და სხვა დაწესებულებებში გადაყვანა - 78;
• მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა - 167;
• მსჯავრდებულთათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა - 34;
• სამსახურში აღდგენა/დასაქმება - 5;
• დაწესებულებებში საყოფაცხოვრებო პირობების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება - 4;
სულ:790

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
• დევნილ პირთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება - 102;
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება  -  18;
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემისა და ფინანსური დახმარება - 17; 
• იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების საკუთრებაში გადაცემა - 5;
სულ:142

შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო
• სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მკურნალობის დაფინანსებისა და სოციალური დახმარების აღდგენა - 51; 
• პენსიისა და რეგრესის პენსიის დანიშვნა - 24;
• სოციალურად დაუცველ უმწეო მოქალაქეთა ფინანსური დახმარება - 39;
• დასაქმება - 25;
• შვილად აყვანა - 4;
სულ:143
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
• პრივატიზაციის კანონიერების საკითხის/ქონების გასხვისება - 36;
• შრომითი და სოციალური უფლებების დაცვა / სამსახურში აღდგენა - 22;
სულ:58


ფინანსთა სამინისტრო
• უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რეალიზაციის შეჩერება - 23;
• გადასახადების/ჯარიმა-საურავის მოხსნა - 4;
სულ:27

თავდაცვის სამინისტრო
• შრომითი და სოციალური უფლებების დაცვა/დასაქმება - 52;
სულ:52

საგარეო საქმეთა სამინისტრო
• დიასპორის პრობლემები - 3;
სულ:3

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
• თევზჭერის ნებართვა - 4;
სულ:4

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა - 1;
სულ:1

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
• შრომითი და სოციალური უფლებების დაცვა / სამსახურში აღდგენა - 4;
• კულტურული ღონისძიების დაფინანსება - 1;
სულ:5


განათლების და მეცნიერების სამინისტრო
• უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლა - 11;
• განათლების სისტემის მუშაკთა შრომითი უფლებების დაცვა - 16;
• საგანმანათლებლო დაწესებულებიდან უკანონოდ დათხოვნილი პედაგოგების საკითხი - 30;
• უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა დაფინანსება - 7;
სულ:64

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 
• სოციალურად დაუცველ უმწეო მოქალაქეთა ფინანსური დახმარების საკითხები - 44;
• მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება/თავშესაფრით დაკმაყოფილება - 97;
• შრომითი უფლებების დაცვა, სამსახურში აღდგენა/დასაქმება - 40;
სულ:181

სამეწარმეო სუბიექტები 
• სოციალური პრობლემების მოგვარება - 27;
• დასაქმება - 28;
სულ:55

საფინანსო ორგანიზაციები (ბანკები)
• ვალის რესტრუქტური-ზაცია, იპოთეკა - 225;
• რეკომენდაცია გრძელვადიან დაბალ პროცენტიან კრედიტის გაცემაზე - 18;
სულ:243

შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტში დაწყებულია იმ საქმეების შესწავლა, რომლებმაც გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი:
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლევან კორტავას გარდაცვალების საქმე;
მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმე;
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების საერთო შეფასება;
კომიტეტმა განიხილა და მოამზადა დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ნინო გვენეტაძის, მურმან ისაევის, თამარ ლალიაშვილის, მერაბ ტურავას ვადაზე ადრე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბესარიონ ალავიძის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების კანონიერების შეფასება;
კომიტეტმა შეისწავლა და დასკვნა მოამზადა 2013 წლის 17 მაისის აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ. 
კომიტეტმა, ასევე, განიხილა და შეაფასა 2013 წლის 11 ივლისს თბილისის ,,დინამო“-ს სტადიონზე აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტები.

III კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მოქალაქეებთან შეხვედრებსა და მათი განცხადებების მიღება -განხილვას. 
განცხადებებში აღწერილია მოქალაქეთა სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევის შემთხვევები და მოთხოვნილია დარღვეული უფლებების აღდგენა. 
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოსული განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა აიხსნება იმით, რომ მათში მითითებულია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და მოქალაქეები მათზე რეაგირებას ითხოვენ 2013 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოწვეული პარლამენტისაგან. 
განცხადებათა გარკვეულ ნაწილში, რომელიც შემოტანილია თავისუფლებააღკვეთილი პირების ან მათი წარმომადგენლების მიერ, მითითებულია წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ცემის ფაქტებზე; განცხადებათა მნიშვნელოვანი ნაწილში, რომელიც ეხება უკანონო მსჯავრდებას, აღწერილია საპროცესო დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამართალწარმოების განხორციელებისას და მოთხოვნილია აღნიშნული დარღვევების გამოძიება და საქმეზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება; განცხადებების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სახელმწიფოს მიერ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს და დარღვეული საკუთრების უფლებების აღდგენის მოთხოვნებს; განცხადებები, ასევე, მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მოთხოვნებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნებს და სხვ. განცხადებებში, ასევე, მითითებულია სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევებზე. ცალკეული მსჯავრდებულების მიერ მოთხოვნილია შუამდგომლობა პირობით ვადამდე განთავისუფლებაში.
• 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შემოსულია 10 003 განცხადება, ამათგან რეაგირებულია 6602 განცხადება;

  • 2865 განცხადებაზე მოქალაქეებს უშუალოდ გაეცათ პასუხი
  • უწყებებში გაგზავნილი წერილების რაოდენობა - 3737 ;

• უწყებებიდან მიღებული პასუხების რაოდენობა - 1372;
• 587-მდე განცხადება მიღებულ იქნა ცნობად;
• 1442 - განცხადება არის განხილვის პროცესში, მიმდინარეობს წარმოება;
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ღია იყო თითოეული მოქალაქის განცხადების მისაღებად და შესაბამისი ზომების გასატარებლად. კომიტეტი ორიენტირებული იყო თითოეული უფლებისა და თავისუფლების დარღვევის შემთხვევის გამოვლენასა და რეაგირებაზე. ამავდროულად, იკვეთება სეგმენტები და მიმართულებები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომიტეტის მიერ, იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რომელიც კომიტეტმა განსაზღვრა საანგარიშო პერიოდის დასაწყისში. 
ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია
კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია. 
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში ჩატარდა შეხვედრები საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ნოემბერში ჩატარდა შეხვედრა ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, უმცირესობათა უფლებებზე, იმ საკანონმებლო აქტებზე, რომლებიც საქართველოში ამ სფეროს არეგულირებს.
კომიტეტის თავმჯდომარე პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის პოლონელ კოლეგას, სეიმის ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების კომიტეტის თავმჯდომარეს მირონ სიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტების თანამშრომლoბის და კომუნიკაციის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა
საქართველოში სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნას მიეძღვნა 5 ნოემბრის საკომიტეტო მოსმენა, რომელზედაც მიწვეული იყვნენ ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნიგვზიანის მართლმადიდებელ და მუსლიმურ თემთა წარმომადგენლები. მოსმენას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო კომიტეტის თავმჯდომარე.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
2012 წლის 26 დეკემბერს კომიტეტში ჩატარდა სხდომა, რომელზედაც მიწვეული იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადების მიზნით. შეხვედრის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირებისთვის ხელშეწყობა.
კომიტეტის ინიციატივით დაჩქარდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირებისათვის შემოტანა პარლამენტში. ამჟამად პარლამენტში მიმდინრეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე. 
2013 წლის 12 ივნისს პარლამენტში შედგა შეხვედრა პოლონეთის დელეგაციასთან, რომელთაც კომიტეტს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მითითებული კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით. მათ წარმოადგინეს რატიფიკაციის პროცესის დეტალური აღწერა და ყველა გამოწვევისა და გადაჭრის გზების პრეზენტაცია. 
იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები
2013 წლის 13 ივნისს კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში თემაზე ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, რა დონეზეა პარლამენტი ჩართული მათი პრობლემების მოგვარების საკითხებში.“ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გაეროს სპეციალური მომხსენებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში -ჩალოკა ბეიანი და გაეროს სხვა წარმომადგენლები. 
კომიტეტის თავმჯდომარე სხვადასხვა რეგიონში შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს.
კომიტეტის თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
კომიტეტი ინტენსიურად იღებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, წინადადებს, მოსაზრებებს კონკრეტულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. შესაბამისი დასკვნის მომზადებისას კომიტეტი მხედველობაში იღებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოხატულ პოზიციებს. 
2013 წლის 27 მარტს კომიტეტში ჩატარდა შეხვედრა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:,,პატიმრობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებზე საზოგადოებრივი მონიტორინგი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსი, პრობაციის შესახებ კანონი. აღნიშნული მოსაზრებები და შენიშვნები გაზიარებულ იქნა კომიტეტის მიერ.
2013 წლის 20 ივნისს კომიტეტმა ჩაატარა კონფერენცია, სადაც წარადგინა ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში. ღონისძიებაში უზრუნველყოფილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობა; კონფერენციაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა წარადგინეს მოკლე ანგარიშები, რაც ასახავდა მათ თანამშრომლობას კომიტეტთან და რეაგირებას კომიტეტისგან მიღებულ წერილებზე.
კომიტეტმა მოამზადა დასკვნა 2013 წლის 17 მაისის აიდაჰოს დღისადმი მიძღვნილი შეკრებისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების შესახებ. მასზე მუშაობისას კომიტეტმა ორჯერ უზრუნველყო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და მოისმინა მათი მოსაზრებები და შეფასებები მითითებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 
კომიტეტი ქმნის საკონსულტაციო საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. 
კომიტეტის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და 
უცხო ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებთან
კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ ღონისძიებაში, სადაც განხილულ იქნა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიღწევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
2012 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა კომიტეტის შეხვედრა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში წარდგენილ იქნა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები: სისხლის სამართლის რეფორმა, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობის რეფორმა, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დაცვა; ბავშვთა უფლებები; გენდერული თანასწორობა; სამოქალქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა, შრომის უფლებები.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; კერძოდ:
• მსოფლიო საპარლამენტო კონფერენცია თემაზე: ,,ადამიანის უფლებების დაცვა და 34-ე ყოველწლიური ფორუმი’’, 10-11 დეკემბერი,2012 წ. რომი, იტალია

• ევროპის საბჭოს მოწვევით კომიტეტის წევრების შეხვედრა ვენეციის კომისიის წევრებთან და ამნისტიის შესახებ კანონის დეტალების განხილვა, 28-29 იანვარი, 2013 წ.

• კონფერენცია „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”, რომელიც მიეძღვნა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რეფორმებსა და ახალ გამოწვევებს, 18 თებერვალი, 2013წ.

• კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი პარიზში. ვიზიტის მიზანი: სტრასბურგში 2013 წლის 21-24 იანვარს ჩატარებული სხდომის ოქმის განხილვა, დაპატიმრების ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ მოხსენება, მოქალაქეობის ხელმისაწვდომობის და მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის დამტკიცება და მის ეფექტურ იმპლემენტაციაზე მსჯელობა, მოხსენების მოსმენა თემაზე ,,კორუფცია, როგორც საფრთხე კანონის უზენაესობისთვის,“ 18-20 მარტი, 2013 წ.
• კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი სტრასბურგში, ვიზიტის მიზანი: ევროსაბჭოს სესიაზე მონაწილეობის მიღება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე;. სტრასბურგი, საფრანგეთი, 23-30 ივნისი, 2013წ. 
• კომიტეტის შეხვედრა ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის პრეზიდენტ ლატიფ ჰუსეინოვთან, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარების გაუმჯობესების პერსპექტივების განსახილველად. 
• პროგრამის „ძალაუფლების გადანაწილება და პლურალიზმი გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში” ფარგლებში შეხვედრა ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის წევრებთან და სხვა მაღალის თანამდებობის პირებთან.

 

  

პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა >>>