აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

11 ოქტომბერი 2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები განიხილეს. 

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, რომელმაც კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ინფორმაცია და ძირითადი პარამეტრები გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას, მხედველობაში მიღებულ იქნა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, ასევე გათვალისწინებულია მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მომავალი წლისთვის მშპ-ს საპროგნოზო ზრდა 4,5%-ით არის ნავარაუდები და ბიუჯეტი ამის გათვალისწინებით დაიგეგმა. ინფლაციის მაჩვენებელი კი საშუალოდ 3%-ზეა გათვლილი. შესაბამისად, ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.4 მლრდ ლარს შეადგენს.

ძირითად პარამეტრებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მლრდ 298 მლნ ლარით განისაზღვრა. მათში განსაკუთრებით მოცულობითია საგადასახადო შემოსავლები, რომელიც წლევანდელზე მნიშვნელოვნად მეტია და 9 მლრდ ლარს აღემატება.

გიორგი კაკაურიძემ მოკლედ მიმოიხილა, თუ როგორაა გადანაწილებული პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით და ძირითადი აქცენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაზე გააკეთა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლისთვის რამდენადმე გაზრდილია და 266 მლნ ლარს შეადგენს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის - 98.7 მლნ ლარამდე;
  • შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის - 45 მლნ ლარი; 
  • რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები - 17 მლნ ლარი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - 7.8 მლნ ლარამდე;
  • აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები - 9 მლნ ლარი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი. ხოლო თითქმის 45 მლნ ლარით გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.

მომხსენებლის ინფორმაციით, მთავრობა გააგრძელებს აქტიურ აგროპოლიტიკას, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.

შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, მათ შორის, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსების შემცირებას, როგორიცაა „დანერგე მომავალი“, კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა, ღვინის პოპულარიზაციის პროექტი და სხვა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განმარტებით, ბოლო დროს ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად იქცა მეფუტკრეობა და კარგი იქნება თუკი ამ მიმართულებითაც გაჩნდება დამატებითი რეზერვი.

სხდომაზე განსაკუთრებით მწვავედ დაისვა აზიური ფაროსანას და მის წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საკითხი. ოთარ დანელიას განცხადებით, ეს არის საკითხი, რომელიც ყველას თანაბრად ეხება, იგი სცდება სამინისტროს ფარგლებს და ყველა უწყების ჩართულობით და მობილიზებით უნდა მოხდეს ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და მას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მასშტაბები სცდება სამინისტროს ფარგლებს. ეს არის ყველა უწყების ჩართულობით განპირობებული პროცესი, რომელიც ითვალისწინებს კრიზისების მართვიდან დაწყებული რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობასაც მათ შორის, ვინაიდან აუცილებელია მობილიზება, რომ კარდაკარ, თითოეული რაიონის და სოფლის დონეზე მოხდეს კოორდინაცია და ყველა მაქსიმალური შემართებით ჩავერთოთ ამ პროცესში.“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა კომიტეტზე იმ ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიური ფაროსანას გასანადგურებლად განახორციელა და იგი პირადად მონაწილეობდა ამ ღონისძიებებში. მისი თქმით, შეწამვლა დაიწყო სწორედ იმ დროს, როცა ეს ეფექტური იქნებოდა და შეიწამლა ათასობით ჰექტარი თხილის ბაღი და გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი შემცირდა.

„სოკოვანი დაავადებები დასავლეთ საქართველოში არახალია. ჩვეულებრივ კლიმატურ პირობებში დაზიანება ბევრად ნაკლები იქნებოდა, მაგრამ წელს, ადრე გაზაფხულზე სოკოვანი დაავადებებისათვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა, გაზაფხულზე გასატარებელი შეწამლითი სამუშაოები კი, ძირითადად, არ ჩატარებულა. ისე, როგორც გლეხი წამლავს ვაზს, დასავლეთ საქართველოში უნდა დამუშავებულიყო თხილის კულტურა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისი თქმით, თუკი დღესვე, ფუნგიციდებით არ შეიწამლა თხილის ბაღები, მოსავალი მომავალ წელსაც არ იქნება. რაც შეეხება ფაროსანას პრობლემას, ეს მხოლოდ საქართველოს წინაშე არ დგას და მთავრობამ დონორებთან და კონსულტანტებთან კოორდინაციით შეადგინა სამოქმედო პროგრამა, თუმცა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათი ჩართულობის გარეშე ბრძოლა ეფექტური ვერ იქნება.

სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 11 ოქტომბერი