დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

03 დეკემბერი 2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პირველი მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.

კანონპროექტი მიზნად ისახავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხის დარეგულირებას. კერძოდ, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე იკრძალება გარე რეკლამის განთავსება მათგან 200 მეტრის რადიუსში.

კანონპროექტი ასევე, კრძალავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელებას ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი რეგულაციით შესაძლებელი გახდება აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონის და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირება.

საკითხთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი კითხვები გაუჩნდათ როგორც დეპუტატებს, ასევე ბიზნესომბუდსმენსა და მომგებიანი და აზარტული თამაშების ბიზნესის წარმომადგენლებს. განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთნ, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებთან გარე რეკლამის 200 მეტრის რადიუსში განთავსების საკითხმა. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამ მანძილის 100 მეტრამდე შემცირებას მოითხოვენ. მათი მოსაზრებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სარეკლამო ინდუსტრიას.

გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები. კანონპროექტმა კენჭისყრაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. 

სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკოსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქალაქ თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის დაფინანსების მიზნით საქართველოს 100 მლნ ევრო გამოეყო.

მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველო-ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარმოადგინა. შეთანხმების თნახმად საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონ კონგს შორის განისაზღვრება თვისუფალი ვაჭრობის პირობები.

სხდომაზე კომიტეტმა 767 პირის მიერ წარმოდგენილი პეტიცია მოისმინა. პეტიციაში „საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ ვაქციოთ“, ნათქვამია - რათა გამოსწორდეს თითოეული მოქალაქის მატერიალური მდგომარეობა, საქართველოს ყოველ მოქალაქეზე ყოველთვიურად გაიცეს 1000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფული „ინვესტი“.

ნებისმიერი ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გასაყიდად იქნება გამოტანილი, გაიყიდოს მხოლოდ ინვესტებზე, ღია, საყოველთაო ელექტრონულ აუქციონებზე, ლოტების ან აქციების სახით.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, წარმოდგენილი თემა საინტერესოა და კომიტეტის გადაწყვეტილებით ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნება, საიდანაც შემოსული მოსაზრებების გათვალისწინებით განაგრძობს კომიტეტი აღნიშნულ თემაზე მუშაობას.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა