დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

12 სექტემბერი 2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს გამართულ სხდომაზე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გამოწვეულია საქართველოს, ევროკავშირის, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებისა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად აღებული ვალდებულების შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.

ცვლილების მიხედვით, თანაავტორობით შექმნილ ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მოქმედების ვადა განისაზღვრება თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. ასევე, კანონს ემატება ახალი შინაარსის 31 პუნქტი, რომლის თანახმად, შემსრულებელს ენიჭება უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლითაც უფლებები მისი შესრულების ჩანაწერზე გადასცა ფონოგრამის დამამზადებელს, თუ ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემის 50 წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს.

ამასთან, აღნიშნული ნორმების ასოცირების შეთანხმებაში მითითებულ ტერმინთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოხდა ტერმინის „საჯარო გაცნობა“ შეცვლა „საჯარო გადაცემით“.

კანონპროექტით, ასოცირების შეთანხმების ტექსტის შესაბამისად, ასევე, ხდება მაუწყებლობის ორგანიზაციისათვის პროგრამის პირველად გადაცემიდან უფლების მოქმედების ვადის ათვლის მომენტის დაზუსტება. კერძოდ, განისაზღვრა, რომ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ, სადენით ან უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით, საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით, პროგრამის პირველად გადაცემის შემდეგ.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესაბამისად ცვლილებები შედის საქართველოს შემდეგ კანონებში: „საქართველოს საპატენტო კანონი“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“კანონი, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტს იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენისთვის გათვალისწინებული იქნება დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი რამდენიმე შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. კერძოდ, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების შესახებ” შეთანხმება, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ წერილი-შეთანხმება და „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)“ N2 ცვლილება“, რომლებიც კომიტეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გააცნო.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფირების საკითხს.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 12 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 12 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 12 სექტემბერი