დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

24 თებერვალი 2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს, დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისთვის უნდა  მოესმინათ, მაგრამ მინისტრი სხდომაზე არ მოვიდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, მისთვის ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მისი განმარტებით, მან სცადა ივანე მაჭავარიანის დათანხმება, რომ მოსულიყო დღევანდელ სხდომაზე, მაგრამ უშედეგოდ.

შესაბამისად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიმართოს, რათა პარლამენტმა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით.

„დილით მქონდა კომუნიკაცია ფინანსთა მინისტრთან, ვთხოვე განემარტა მიზეზები. შევეცადე, რომ დამერწმუნებინა გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. არგუმენტის ადამიანურად მესმის, თუმცა, ვფიქრობ, რომ რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. მზად ვართ კვლავაც ვიხელმძღვანელოთ რეგლამენტის მიხედვით და რეაგირება მოვახდინოთ. რას ვგულისხმობ რეაგირებაში, ამაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან ერთად შევჯერდებით. ვცდილობდი დამერწმუნებინა რეგლამენტის სასარგებლოდ, ვერ ვიძალადებდი,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ფინანსთა მინისტრის კომიტეტის სხდომაზე არმოსვლას პარლამენტისა და კონსტიტუციის შეურაცხყოფად მიიჩნევს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც აცხადებს, რომ ამისთვის მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს მმართველმა გუნდმა. „ეტყობა „მინისტრის საათს“ და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციისგან დაბარებას ვერ ანსხვავებს მინისტრი. ვფიქრობ, რომ როგორც ჯანდაცვის, ისე ფინანსთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ თქვენ გუნდის შიგნით“.

აღნიშნულის გამო, აღშფოთება გამოხატეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, დავით ჭიჭინაძემ და კობა ნარჩემაშვილმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მინისტრები ივანე მაჭავარიანი და ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე აღარ უნდა დარჩნენ პარლამენტის მიმართ ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულებისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე კოლეგებს მიმართა, რომ მინისტრის სტუმრ ობა არ უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობისთვის გამართული და ეს უნდა იყოს საქმისათვის - „რამდენჯერმე ახსენეთ ჯანდაცვის მინისტრის არმოსვლა, როდესაც ის მოწვეული იყო დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან, ასევე პარალელურ რეჟიმში შემოვიდა პატრიოტთა ალიანსის მოწვევაც, თუ ის მოვიდოდა დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით, მაშინ იზღუდებოდა პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნა იგივე რეგლამენტის წესის მიხედვით, რომელიც ორ თვეზე ადრე  მას არ ავალდებულებს მოსვლას. ამიტომ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაებალანსებინა ეს ორი შემთხვევა და მინისტრი დავიბარეთ  უკვე კომიტეტის სახელით, რასაც კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ჩვენ რეგლამენტის წესებით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ მინისტრის სტუმრობა არ უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობისთვის გამართული და ეს უნდა იყოს საქმისათვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით  მინისტრის კომიტეტში მოსვლის გრაფიკის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს შეთანხმებით და არა ბოლო მომენტში გადაწყვეტილების მიღებით.

მან იმედი გამოთქვა, რომ მინისტრი მაჭავარიანი დაუკავშირდება კომიტეტს და შესთავაზებს შეხვედრის გადავადებას, რათა დეპუტატებმა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.  

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ის  დაელოდება ივანე მაჭავარიანის კომენტარს, თუ რატომ არ მოვიდა ის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, პარლამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს ასეთ ამბავს და რეგლამენტის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.

-„ერთ რამეში ვეთანხმები ყველას, რომ პარლამენტი რეაგირების გარეშე არ დატოვებს ასეთ თემას და თუ მას აქვს რაიმე მოტივაცია, ამის გამოთქმის საშუალება მას მიეცემა, თუმცა ვფიქრობ, რომ რეგლამენტის პირველ ადგილზე დაყენება იყო მნიშვნელოვანი.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  კანონპროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საკითხი კომიტეტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ გამოიტანა.

მისი განმარტებით, ეს ცვლილებები წარმოდგენილია იმ კონტექსტში, რომ გაიზარდოს საჯარო ფასიანი ქაღალდების  ბაზრის გამჭვირვალობა, ინვესტორთა დაცვა და ის თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ადრეული განვითარების ეტაპზეა და მის განვითარებასთან ერთად იქმნება ახალი კაპიტალის ბაზრის პროდუქტები, ბაზარზე მონაწილეობენ განსხვავებული ტიპის ემიტენტები, წარმოდგენილი კანონით დაზუსტდება ემისიის პროსპექტის მომზადებისა და საჯარო შეთავაზების განხორციელების ამჟამად არსებული მოთხოვნები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლებამოსილება არა მხოლოდ დამატებითი, არამედ  გამარტივებული მოთხოვნებიც დაუდგინოს ემიტენტებს კონკრეტული ტიპის საჯარო შეთავაზების განხორციელებისას ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილება დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარა წინა სხდომაზე პირველი მოსმენით განხილულ საკითხს, პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილისა და პაატა გოგოხიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „აკვაკულტურის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს და მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა , 2020 წლის 24 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა , 2020 წლის 24 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა , 2020 წლის 24 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა , 2020 წლის 24 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა , 2020 წლის 24 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა , 2020 წლის 24 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა , 2020 წლის 24 თებერვალი