დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

03 დეკემბერი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ივანე მახარაძის, კახა ბექაურისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

მას შემდეგ, რაც კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტს წარუდგინა, კომიტეტმა თითოეულ მათგანს მოუსმინა. მიიღეს ინფორმაცია მათი განათლების, საქმიანობისა და გამოცდილების, ასევე მომავლის ხედვისა და კონცეფციის შესახებ.

კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს, ამის შემდეგ, კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“.

კანონპროექტი ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.

მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილის თქმით, მესამე მოსმენისთვის კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ ყოფილა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონპროექტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს, იმავე მომხსენებლის განმარტებით, სრულად არის გაზიარებული და ასახული იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნები.

კანონპროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალ და კონკურენტულ ურთიერთობებს და ბაზრების გახსნას, მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნათა სათანადოდ დაცვის გათვალისწინებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე მოსმენით განხილულ ორივე საკითხს.

მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა.

კანონპროექტის მიზანია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ანდა საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების და ასევე, ასეთი პროდუქტის ენერგო მოხმარების მაჩვენებლების შესახებ პროდუქტზე სტანდარტული ინფორმაციის მითითების უზრუნველყოფა.

აგრეთვე, საქართველოს ბაზარზე განთავსებული ანდა საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის ამ კანონპროექტის და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სარატიფიკაციო დოკუმენტები წარმოადგინა კომიტეტში განსახილველად.

„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა) შორის სასესხო შეთანხმება“ ითვალისწინებს (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტის განხორციელებისათვის 60 მლნ ევროს სესხის გამოყოფას.

2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ ითვალისწინებს, რომ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებისთვის დოკუმენტით თავდაპირველად განსაზღვრულ 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებას (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული) დაემატება აბაშა, ბაკურიანი, გუდაური, ჯვარი, ჭიათურა, ბოლნისი.

ასევე, ანალოგიური ცვლილება შედის ცვლილება შედის „2016 წლის 15 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებაში“.

კომიტეტის მხარდაჭერით აღნიშნული დოკუმენტები პლენარულ სხდომას წარედგინება რატიფიცირებისათვის. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა მოქალაქე ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ჰიდრომშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

პროექტის ავტორის განმარტებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ემსახურება ჰესების მშენებლობასა და ექსპლუატაციის სფეროში რეფორმის გატარებას.

კერძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის ბაზაზე უნდა დაარსდეს საექსპერტო ბიურო, რომელიც ექსპერტიზას გაუწევს ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს, მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე ასაშენებელი ჰესების პროექტების პრეზენტაცია და საყოველთაო განხილვა არასამთავრობოებისა და სხვა დაინტერესებული პირების აზრის გათვალისწინებით გასცენ დადებითი დასკვნა.

კომიტეტის წევრმა რევაზ არველაძემ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვისას განაცხადა, რომ თითქმის წელიწადია პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე „ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა უსაფრთხოების შესახებ“, რომელშიც ანალოგიური საკითხებია წარმოდგენილი. მან საკანონმდებლო წინადადების ავტორს გადასცა აღნიშნული პროექტი და შესთავაზა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამუშაო პროცესში, რათა მის მიერ წარმოდგენილი საკითხებიც აისახოს დოკუმენტში.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ შეთავაზებას.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 3 დეკემბერი