დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

13 მაისი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. ანგარიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა. 

მომხსენებელმა ამომწურავად ისაუბრა ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების სტრატეგიაზე. ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის მდგომარეობაზე. მან ასევე ისაუბრა განხორციელებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. დეპუტატებს გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. 

მარიამ ქვრივიშვილმა კომიტეტს წარუდგინა საერთაშორიოსო ვიზიტორების კვლევის ანგარიში, წარმოადგინა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით და ინფრომაცია ტურიზმის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ. 

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. 

კომიტეტმა დადებითად შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ანგარიში. 
დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი ანგარიში მოისმინა კომიტეტმა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. 

მომხსენებელმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 

მან სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა მოქალაქეთა მიმართვიანობისა და დამცველის მიერ გაცემული კონსულტაციების თუ კომისიის გადაწყვეტილებების თაობაზე. 

მისი განმარტებით, ენერგოომბუდსმენის საქმიანობა მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებაზე, საკანონმდებლო ინიციატივებსა და საერთაშორისო თნამშრომლობის განვითარებაზე. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი სამიანობების შესახებ. უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს. 

დღის წესრიგით კომიტეტმა დღეს III მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

კანონპროექტით სწორდება გარკვეული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. კერძოდ, კოდექსის თანახმად მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების (ავტოგასამართი სადგურები) ჩამონათვალს ემატება ავტოგასამართი კომპლექსიც. საკითხი განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გამოიტანა.

სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა წარმოადგინა. 

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილების განხორციელების მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის საკანონმდებლო საფუძვლების სრულყოფა და მისი მისადაგება მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ კონვენციასთან (შემდგომში STCW კონვენცია).

მანვე მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. 
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში მგზავრისა და მათი ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული გადამყვანის პასუხისმგებლობისა და ფარგლების საკანონმდებლო საფუძვლების სრულყოფა. ასევე, საქართველოს და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) 2009 წლის 23 აპრილის რეგულაციის „მგზავრების ზღვით გადაყვანის დროს ინციდენტის შემთხვევაში გადამზიდავის პასუხისმგებლობის შესახებ“ მოთხოვნების შესრულება და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის კონვენციის 2002 წლის ოქმის დებულებების შესრულება.

წარმოდგენილი კანონპროექტით, კოდექსს ემატება მუხლი, რომლითაც ხდება ტერმინთა განმარტება, როგორებიცაა „გადამყვანი“, „გადაყვანის განმახორციელებელი „გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს გადაყვანას, ან გადაყვანასა და გადაზიდვას ან გადაყვანის, ან გადაყვანისა და გადაზიდვის ნაწილს“, „ბარგი“, „კაიუტაში არსებული ბარგი“ და „ინციდენტი“. ასევე არეგულირებს მგზავრისა და ტვირთის დაზღვევის, ასევე სხვა საკითხებს.

კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი