დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

11 თებერვალი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად. 

მომხსენებლის განმარტებით, საპენსიო რეფორმა განხორციელდა, მაგრამ მისი სრულყოფისათვის საჭიროა გარკვეული ცვლილებების განხორციელება. „უნდა შეიქმნას საპენსიო სისტემა, სადაც არა ყველა ზრუნავს თავის თავზე, არამედ თაობები ზრუნავენ ერთმანეთზე.
მნიშვნელოვანი და აუცილებელია შეიქმნას თაობათა სოლიდარობის პრინციპზე დამყარებული საპენსიო სისტემა, რომელიც ინდივიდუალურ დაგროვებით საპენსიო სისტემასთან ერთად შექმნის ღირსეულ, სამართლიან, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და მდგრად საპენსიო სისტემას. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპის ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც ახალ თაობას ავალდებულებს იზრუნოს წინა თაობაზე, უფრო მეტად აერთიანებს საზოგადოებას და სოლიდარულს ხდის მას“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა შემოთავაზებული მოდელის სიკეთეებზე და ეფექტიანობაზე. ასევე განმარტა, რომ მათ მიერ შემუშავებულ მოდელს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური განზომილება, არამედ, ამავე დროს ესაა საზოგადოებრივი წესრიგისკენ გადადგმული ნაბიჯი. 

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელმაც ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და შესაბამისად მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის წარმოადგინა „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“.

მომხსენებელმა დეპუტატებს განუმარტა წარმოდგენილი დოკუმენტის არსი და განაცხადა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა და ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის მთლიანი ციკლის დაფინანსებას, რომლის განმახორციელებელი უნდა ყოფილიყო აიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“.

თუმცა, როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, სოფლის მეურნეობა რისკიან სფეროდ მიიჩნევა და კომერციული ბანკების შეფასებით სესხი მაღალპროცენტიანი გამოდიოდა. აღნიშნულის გამოც ფინანსთა სამინისტრომ არამიზანშეწონილად ჩათვალა უცხოურ ვალუტაში მსგავსი საპროცენტო განაკვეთით სოფლის მეურნეობის დაფინანსება.

შესაბამისად ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ აღნიშნული სესხი ყველანაირი პროცენტის და ჯარიმის გარეშე შეწყდება და გაიმართება მოლაპარაკება ახალ სესხზე „რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობაში უკვე 100 მლნ ევროს გამოყოფა იქნება შესაძლებელი, ამჯერად სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და წყალსაცავების მშენებლობისთვის. ამიტომ ახლა წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს არსებული ხელშეკრულების გაუქმებას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ასევე სარატიფიკაციოდ წარუდგინა „2010 წლის 18 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“. 

ცვლილების მიზეზია ის, რომ ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონისათვის თავდაპირველად შერჩეული ტერიტორია - დაბა ჩაქვი, შეუსაბამობაში მოდის ნაგავსაყრელის მოწყობის პირობების მოთხოვნებთან, აქედან გამომდინარე მშენებლობისთვის შეირჩა ახალი ტერიტორია - სოფელი ცეცხლაური. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა ხელშეკრულებაში აღნიშნული ვადის გადაწევა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი.

ამის გარდა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კიდევ სამი სარატიფიკაციო დოკუმენტი წარმოადგინა განსახილველად: „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“; „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5) N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება და „2010 წლის 5 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N5 ცვლილების წერილი-შეთანხმება.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტები ფაქტობრივად 2010 წელს ხელმოწერილი ერთი ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატშია გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც დაიწყო მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა, დაფინანსდა უნივერსიტეტის მეტრო თბილისში, მესტიის გზა, ფინანსდება თბილისი-რუსთავის გზა, მესტიასა და ურეკში წყლის სისტემების მშენებლობა და სხვა პროექტები, რომელთა ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მომხსენებლის თქმით: „წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს პროექტი 1-ის დარჩენილი თანხის თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის, კონკრეტულად კი სავენტილაციო სისტემის გამოცვლის მიზნით გამოყენებას“.

გარდა ამისა, ორ ხელშეკრულებაში ხდება ანაკლიის ნაპირდაცვის სამუშაოების შეჩერება, ვინაიდან იქ პორტის მშენებლობის ფარგლებში არ არის მიზანშეწონილი დამატებითი სამუშაოების განხორციელება, ამიტომ ამისთვის გამოყოფილი თანხა ამოდის ამ ხელშეკრულებიდან. ხოლო თუ ამ თანხების სხვა მიმართულებით გამოყენება იქნება საჭირო გაფორმდება ახალი ხელშეკრულება.
კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილი დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას. 

სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა III მოსმენით. მეორე მოსმენის შემდეგ დოკუმენტში ცვლილება არ განხორციელებულა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

ასევე, პირველი მოსმენით განიხილეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ნინო ენუქიძის თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ფორმალური პროცედურების გაუქმებას და მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესების დაცვას. კერძოდ, მოქმედი კანონის თანახმად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ექვემდებარება მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისის მეტრო ერთადერთი სუბიექტია, რომელიც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს გადაადგილებისა და მგზავრთა გადაყვანისთვის და  საგამონაკლისო წესით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მიწისქვეშა სივრცით სარგებლობის ლიცენზიის მიღებას აღარ საჭიროებს.

წარმოდგენილი კანონპერექტის არსს იზიარებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 11 თებერვალი