დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

22 ნოემბერი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა.

კანონპროექტის წარდგენისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ განმარტა, რომ ცვლილების თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა და ამავე კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასევე, ცვლილება დაარეგულირებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღითსარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული ან მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სახელმწიფო ქონების ლიცენზიის მფლობელისათვის გადაცემის საკითხებს. წარმოდგენილ კანონპროექტს კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის 3 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებისა და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული წესების კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად დადგენა. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდება მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის შეუფერხებლად წარმართვა.

მომხსენებლის თქმით, რეგისტრაცია მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ამავე დროს, ის უზრუნველყოფს მიწის ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც დადებითად აისახება.

კანონპროექტით იცვლება კანონის სახელწოდება და ნაცვლად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა, იგი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“.

რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით - სპორადული და სისტემური წესით. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. გარდა ამისა, როგროც სხდომაზე ითქვა, უფლების რეგისტრაციის გამარტივებული წესის გაგრძელება მნიშვნელოვანია ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის კუთხითაც.

მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. მიწაზე უფლებათა რეგისტრაცია ასევე ხელს შეუწყობს არსებული ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას. ამასთან, პირველადი რეგისტრაციის დასრულებით საქართველოს მთავრობას მიეცემა უფრო მეტად თანმიმდევრული საგადასახადო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, რომელიც მიწის რეალურ ესაკუთრეებზე იქნება ორიენტირებული.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტებს.

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმება წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილმ აკაკი საღირაშვილმა. მისი თქმით, ეს არის ახალი შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო და სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვების შესახებ საკითხებს არეგულირებს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილი გადაყვანა-გადაზიდვასთნ დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განსაზღვრას.

მანვე კომიტეტს სარატიფიკაციოდ წარუდგინა „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ 2007 წლის 6 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოქმი. წარმოდგენილი ცვლილებები და დამატებები შეეხება საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე სანებართვო რეჟიმის სრულად აღდგენას, რაც ნიშნავს, რომ სანებართვო სისტემის შემოღება მოხდება არა მარტო მესამე ქვეყნიდან (ან მესამე ქვეყანაში) გადაზიდვებზე, არამედ ორმხრივ და ტრანზიტულ რეჟიმებზეც.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა)“ შეთანხმება წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორი ლოტის - გვირაბის მონაკვეთისა და გზის მონაკვეთის პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გიორგი ფრუიძის კანდიდატურა განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ დეპუტატებს კანდიდატის ბიოგრაფია და თანდართული დოკუმენტები გააცნო. რის შემდეგაც კანდიდატმა გიორგი ფრუიძემ კომიტეტის წევრებს თავისი მომავალი საქმიანობის კონცეფცია წარმოუდგინა და უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

კითხვა-პასუხის შემდეგ კომიტეტმა ფარული კენჭისყრა გამართა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 22 ნოემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 22 ნოემბერი