გიორგი ქობულიამ პარლამენტში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ძირითად მიზნებზე ისაუბრა

13 თებერვალი 2019
გიორგი ქობულიამ პარლამენტში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ძირითად მიზნებზე ისაუბრა

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ“ გიორგი ქობულიას მოუსმინეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2018 წლის დეკემბერში პარლამენტს წარუდგინა „ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“. მისი განცხადებით, სტარტეგია კონკრეტულ გეგმებში გადავიდა და ჩამოყალიბდა 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მან კომიტეტის სხდომაზე გააცნო დეპუტატებს.

გიორგი ქობულიას თქმით: „ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის სამი ძირითადი მიზანია - უმუშევრობის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა; ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარება; ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა“.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე და მათი განვითარების გზებზე. კერძოდ, ენერგეტიკის, სატვირთო ტრანსპორტის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების შესახებ, მომსახურების სექტორის - ტურიზმის შემდგომი განვითარების, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის, პრიორიტეტული საექსპორტო სექტორების განვითარების, ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების, ინოვაციური წარმოებებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

მისი ინფორმაციით, სიღარიბე დღეს ერთ-ერთი მწვავე გამოწვევაა, რომლის დაძლევისთვისაც ყოველწლიურად, 2025 წლის ჩათვლით, უნდა შეიქმნას დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი.

ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასთნ დაკავშირებით - ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ რასაც მოვიხმართ, იმ ყველაფრის წარმოებას. ყოველთვის გვექნება იმპორტი, ამიტომ ექსპორტიც უნდა გავაძლიეროთ. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით საქონლის ექსპორტი - მომსახურეობის მიმართულებით უკვე არც თუ ისე ცუდი პროგრესი გვაქვს. თუ ჩვენ არ განვავითარებთ საექსპორტო პოტენციალს, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“.

გიორგი ქობულიამ თავის პრეზენტაციაში იმ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ამ მიზნების განხორციელებისას არსებობს. მათ შორის, მისი თქმით, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება კაპიტალის ბაზრის რეფორმასთან, ლიზინგისა და ფაქტორინგის, გადახდისუუნარობის, ანტიდემპინგური და მოძრავი აქტივების რეგისტრაციის შექმნის კუთხით.

მომხსენებელმა მისაღწევი მაჩვენებლებიც წარმოადგინა, რომელთა შორის აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზებით ქვეყნის ბიუჯეტში მობილიზებული იქნება 170 მლნ ლარი.
თავისი გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოს ის ისევ წარდგება პარლამენის წინაშე უკვე გეგმების შესრულების შესახებ ანგარიშით.

მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატები შეთანხმდნენ უმცირესობის, უმრავლესობის და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების კითხვების დასმის პროცედურაზე. საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ოთარ კახიძე მიესალმება მინისტრის მოსმენის წარმოდგენილ ფორმატს, რომელიც, მისი თქმით, „არის ამერიკული მოსმენის ფორმატი და ყველაზე ცივილიზებული და საინტერესოც, ინტერაქტიული და ყველაზე პროდუქტიული ინფორმაციის მიღების მიზნით, როგორც საზოგადოების მხრიდან ისე დეპუტატები მხრიდან და მივესალმები ამ ინიციატივას“, - განაცხადა მან.

ამის შემდეგ გიორგი ქობულიას მწვავე შეკითხვები დაუსვეს პარლამენტის წევრებმა. შეკითხვები შეეხებოდა საპენსიო რეფორმას, სიღარიბის დაძლევას, “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, საბანკო რეგულაციების შემოღებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, ხანგრძლივი შეხვედრის დროს დაისვა მრავალი შეკითხვა, როგორც ოპოზიციის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან, რომლებზეც მინისტრთან ერთად მისი მოადგილეებიც პასუხობდნენ.

ხანგრძლივი შეხვედრის დასასრულს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და მის გუნდს და განაცხადა, რომ ძალიან კარგი და მისაღებია კომიტეტებში მინისტრების მოსმენის ეს ფორმატი. მან ასევე მიმართა მინისტრს, რომ კომიტეტი მინისტრის მოადგილეებთან და შესაბამის უწყებებთან დარგობრივ ჭრილში მოსმენებს კვლავაც გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ საკომიტეტო მოსმენებს, სადაც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება მიიღოს პასუხები ყველა კითხვაზე - რკინიგზა იქნება ეს, საჰაერო გადაზიდვები, ტურიზმი თუ მშენებლობა. სადაც საშუალება გვექნება ჩვენ ამ საკითხებში უფრო დეტალურად ჩავიდეთ, მოვხსნათ ყველა ის შეკითხვა, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს და ვიყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე. გარდა ამისა ჩვენ უკვე ვიცით რას დაეფუძნება ჩვენი საკომიტეტო მოსმენა დეკემბერში და ეს პრინციპი ძალიან კარგია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დღევანდელ სხდომაზე რომან კაკულიამ  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც კომიტეტმა ერთხმად მიიღო.