დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

10 ივნისი 2019
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

„შემუშავებულია პროექტი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, ვადის გადაწევას 2020 წლის 31 დეკემბრამდე ითვალისწინებს“, - ამის შესახებ განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ბექა ოდიშარიამ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებულ რიგ სამართლებრივ შესაძლებლობებს და შეღავათებს უახლოეს პერიოდში მოქმედების ვადა ეწურება და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შედეგად, შემუშავებულია პროექტი, რომელიც ვადის გადაწევას 2020 წლის 31 დეკემბრამდე ითვალისწინებს.

„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართებით 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. მათ 2018 წლის 15 აგვისტომდე უფლება ჰქონდათ მიემართათ სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია შესაბამის უწყებებთან. კონსულტაციების შედეგად გვაქვს ინიციატივა, შემუშავებულია პროექტი, რომელიც ვადის გადაწევას 2020 წლის 31 დეკემბრამდე ითვალისწინებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე ახლადშექმნილ უწყებათაშორის სამთავრობო კომისიაზე. მისი თქმით, ეს არის მობილური უწყება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დასვას საკითხი. „ვფიქრობ ეს ორგანო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ძალიან აქტიურად და ველოდებით ქმედით ინიციატივებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის სხდომაზე, 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმიდან და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე რიგ საკითხებთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით:

  • სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
  • საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების გამოყენება; 
  • საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა; 
  • საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

მომხსენებელმა ისაუბრა აღნიშნული მიმართულებებით არსებული მდგომარეობის და სტატისტიკური მონაცემების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათი გადაჭრის მექანიზმების შესახებ.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა დღეს ამ ანგარიშის განხილვა, რომელიც მეტად მნიშვნელოვან თემებს მოიცავს და ბუნებრივია ამაზე პერმანენტულად და დაუღალავად ზრუნვა არის ჩვენი მოვალეობა. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ აგვისტოდან ამოქმედებულ ცვლილებებზე, რომლითაც გაჩნდა ახალი სამართლებრივი მექანიზმები მოქალაქეობის მოპოვებისთვის, მოქალაქეობის შეძენასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად და ვფიქრობ, რომ ტენდენციები, რომლებიც ამ მიმართულებით გამოიკვეთა, არის განსაკუთრებულად საყურადღებო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის მოადგილემ მოქალაქეობის აღდგენასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებით შექმნილ ახალ მექანიზმებზე დეტალური განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, არის ინიციატივები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვადები ერთმანეთს დაუკავშირდეს და ერთი და იგივე პერიოდში მოხდეს პირებისთვის მსგავსი შესაძლებლობების მინიჭება და ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა სტატისტიკური მაჩვენებლებით წარადგინა. მისი თქმით, 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის 6 ივნისამდე პერიოდში მოქალაქეობის შენარჩუნებაზე მიღებული განაცხადების რაოდენობამ 5565 შეადგინა. მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დაკმაყოფილდა 3372 განცხადება, ხოლო იმავე პერიოდში, 637 პირს ასეთი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. მომართვიანობის ფარგლებში 4301 განაცხადი გაკეთებულია სრულწლოვანი პირების, ხოლო 1264 განცხადება არასრულწლოვნებს (მათ კანონიერ წარმომადგენლებს) ეკუთვნით.

მინისტრის მოადგილემ, კომიტეტის წევრებს, მომართვიანობის სიმრავლით გამორჩეული ქვეყნების ჩამონათვალიც გააცნო. მათ შორისაა რუსეთი, სომხეთის რესპუბლიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, საბერძნეთის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბელგიის სამეფო.

მომხსენებლის განცხადებით, მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა 3000-ს აღწევს. მათგან დაკმაყოფილებულია 1482 განაცხადი.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე წარადგინა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მაჩვენებელი.

„წარმოდგენილი ინფორმაცია ვფიქრობ ასახავს ტენდენციებს, რომელიც ნორმალურად შეგვიძლია მივიჩნიოთ და შევაფასოთ დამაკმაყოფილებლად, გამომდინარე იქიდან, რომ თვისობრივად ამას არ მიუცია სერიოზული იმპულსები ხიფათის თვალსაზრისით და ამასთან, აბსოლუტურად გამართლებულია, როდესაც არსებობს შესაძლებლობა გამარტივებული წესით მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების საშუალება მიეცეთ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის ქონის სურვილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მომხსენებელმა დეპუტატების და კომიტეტის სხდომაზე დამსწრე პირთა შეკითხვებს უპასუხა და საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

გალერეა

  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 10 ივნისი