აკაკი ზოიძე რუმინეთში შეხვედრებს მართავს

13 მარტი 2018
აკაკი ზოიძე რუმინეთში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რუმინეთში შეხვედრებს მართავს. 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებსა და რუმინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილთან ერთად, რუმინეთის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომისიის თავმჯდომარეს, ფლორინ ბოისუს შეხვდა. მხარეებმა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მიღების პროცესის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. აკაკი ზოიძემ რუმინელი კოლეგები საქართველოში მოიწვია.

შეხვედრები გაიმართა რუმინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. 
რუმინეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, როდიკა ნასართან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თამბაქოს კონტროლის სფეროში კანონმდებლობის განვითარებასა და რუმინეთში მისი დანერგვის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კანონმდებლობის დანერგვაში რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდილება იყო მსჯელობის მთავარი თემა რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსთან, კალინ ალექსანდრუსთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა უწყების შიგნით ფუნქციების გადანაწილება და სისტემის ფუნქციონირების ძირითადი საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ალიანსისა და საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის წარმომადგენლები შედიან.

გალერეა

  • აკაკი ზოიძე რუმინეთში შეხვედრებს მართავს, 2018 წლის 13 მარტი
  • აკაკი ზოიძე რუმინეთში შეხვედრებს მართავს, 2018 წლის 13 მარტი