ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

09 ოქტომბერი 2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.

მომხსენებელმა ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტის წარდგენისას, ყურადღება კომიტეტის საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2021 წლისთვის აღნიშნული სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.852 მლრდ. ლარით დაფინანსდება. გიორგი კაკაურიძემ ცალკეულ პროგრამებსა და მიმართულებებზე გამოყოფილ თანხებზეც ისაუბრა, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მოსახლეობის სოციალური დაცვა - 3 579 390 ლარი, საიდანაც 2 600 000 ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას, ხოლო მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებას - 807 570 ლარი მოხმარდება;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა - 1 103 972 ლარი;
  • სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა -30 000 ლარი;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა - 71 835 ლარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით 42 მლნ. ლარით შემცირების მიზეზებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ თუ არ მოხდება აღნიშნული პროგრამის დაფინანსების გაზრდა, კომიტეტი ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

საკითხზე კომენტარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა გააკეთა და განმარტა, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე სამინისტროში საბოლოო ანალიზი წარმოდგენილი არ არის და როგორც კი მოხდება ამ საკითხზე მუშაობის დასრულება, ბიუჯეტის ეს მუხლი შეიცვლება და კომიტეტს ახალი მონაცემები ეცნობება. 

ბიუჯეტის პროექტის შესახებ კრიტიკული შეფასებები კომიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლევან კობერიძემ გამოთქვეს. გამომსვლელებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და სამინისტროს საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით გააკრიტიკეს.
 
სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის პლენარულ სხდომაზე გატანას და სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ერთობლივ სამუშაო შეხვედრების გამართვას და რიგ საკითხების შეჯერებას ითვალისწინებდა, ფინანსური დოკუმენტის პროექტს მხარი დაუჭირეს.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 9 ოქტომბერი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 9 ოქტომბერი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 9 ოქტომბერი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 9 ოქტომბერი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 9 ოქტომბერი