ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

05 თებერვალი 2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, კომიტეტის სხდომაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას თხოვნით ერთი კვირით გადაიდო. მისი განაცხადებით, გარკვეულ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციებია საჭირო. 

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, კანონპროექტის მიმართ თავის დროზე ბევრი შენიშვნა გამოითქვა, პოზიციების შეჯერებისთვის საკმაოდ დიდი სამუშაოც ჩატარდა, ისე რომ პრინციპულ საკითხებზე პარლამენტში შეთანხმება მიღწეულია, რაზეც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაც მეტყველებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საბოლოოდ შეჯერდებიან და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეჯერებულ ვარიანტს გაიტანენ. მისი თქმით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, მასში გათვალისწინებულია როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესები. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აღნიშნულ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებს.

საკანონმდებლო პაკეტშია ასევე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოახდინა კანონპროექტის - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირება. კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონით დადგენილი სანქციის ამოქმედების ვადის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონით დადგენილი ძირითადი ნორმის იმპლემენტაციის ვადასთან შესაბამისობაში მოყვანა.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 თებერვალი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 5 თებერვალი