ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

13 მაისი 2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემსაქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შრომის კოდექსიდან მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის ამოღებას ითვალისწინებდა.

მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ქვეპუნქტით საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისია განსაზღვრული და მისი ამოღებით, დამოუკიდებლობის დღის თარიღად მხოლოდ 9 აპრილი დარჩება, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც ასახულია. მისივე განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან ეს დღე არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო არ დაფუძნებულა. საკითხის ირგვლივ კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა ერთი მხრივ გაიზიარეს 1991 წლის 9 აპრილის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის, თუმცა კანონმდებლობიდან 26 მაისის ამოღების იდეა მიუღებლად მიიჩნიეს. აღინიშნა, რომ საკითხი საფუძვლიან ისტორიულ შესწავლას და ანალიზს საჭიროებს. კანონპროექტის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილ ცვლილებას და სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრმა თავი შეიკავა ინიციატივის მხარდაჭერისგან. 

კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მისი და რამდენიმე დეპუტატის ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით მომზადდა და იგი ორიენტირებულია როგორც ძალადობის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების საჭიროებით, ასევე საგანმანათლებლო კომპონენტის გააქტიურებაზე.

მომხსენებელმა ცვლილებების ძირითადი მიმართულებები გამოყო და ოჯახური ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე, მოძალადეებისთვის ქცევის კორექციის კურსის სავალდებულო გავლაზე, სოციალური მუშაკის გაზრდილ კომპეტენციებსა და დამცავი და შემაკავებელი ორდერის გამოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წარმოდგენილ ცვლილებათა პროექტზე კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს. 

კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, 2016 წლიდან ოჯახში ძალადობის საკითხებზე არაერთი საკანონმდებლო ცვლილება იქნა მიღებული და ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მისი აღსრულების პროცესი, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ძალადობის მუხლით ჩადენილი დანაშაულები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მისივე შეფასებით, აუცილებელია ჩატარდეს სისხლის სამართლებრივი და სოციალური ანალიზი თუ რასთან გვაქვს საქმე და რა შედეგები მოიტანა უკვე განხორციელებულმა ცვლილებებმა და ამ კუთხით წარიმართოს შემდეგი პროცესები. კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ოჯახში ძალადობის ფაქტების დეტალურად შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი კომიტეტებში თემატური მოკვლევის ჯგუფების შექმნის საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულ საკითხებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს.

სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმასახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი არსებული ხარვეზის გამოსწორებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ მათ ნამსახურების არანაკლებ 20 წელი ექნებათ. მისივე განცხადებით, კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, 2020 წლის 1 იანვრისთვის სახელმწიფო წოდების მქონე 20-წლიანი სამსახურებრივი სტაჟის 85 პირი იქნება. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი ცვლილებები და მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომის დასასრულს კომიტეტი მოქალაქე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გაეცნო და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მომზადების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 13 მაისი