ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს

05 მარტი 2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვთა დაცვისა და სოციალური მუშაობის სისტემის პრობლემების განხილვის საკითხებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს მოუსმინეს.

მინისტრმა სოციალური სამსახურის საქმიანობასთან მიმართებაში სამინისტროს ხედვა, გატარებული ღონისძიებების და სამომავლო აქტივობების მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა და ამ პროცესებში სოციალურ მუშაკთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სოციალური სამუშაო, რომლის ძირითადი განმახორციელებლები არიან სოციალური მუშაკები და ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ჩვენს ქვეყანაში. სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობა ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა და ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდა. ერთი არის ე. წ. დეინსტიტუციონალიზაცია - დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან სახელმწიფო მცირე ზომის ბავშვთა სახლებზე, ოჯახის შესაძლებლობების გაძლიერებაზე გადასვლა და მეორე გამორჩეული ფაქტორი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რომელიც ადრე ოჯახში იკეტებოდა ან მხოლოდ სასამართლოს აღსრულების ანაბარა იყო ეს ოჯახები, სოციალური მუშაკები სულ უფრო და უფრო მეტად არიან ჩართული. შესაბამისად, მათი ფუნქციები დღეის მდგომარეობით, საკმაოდ ფართოა და პერსპექტივაში კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკომ სოციალურ მუშაკთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გაზრდილი კომპეტენციები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ სოციალურ მუშაკთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

„ბევრი ცვლილება, რაც დაგეგმილი იყო და რაც ჩვენზეა დამოკიდებული, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვნად სწრაფად. მოგახსენებთ, თუ რა პრობლემა დავინახეთ ამ მხრივ: ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკები რეალურად მარტონი აღმოჩნდნენ და რაიმე ეფექტური უკუკავშირი სამინისტროსთან, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი. ამ საკითხის მოსაგვარებლად, ერთი თვის წინ შევქმენით სპეციალური საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, სადაც წარმოდგენილი არიან სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქცია არის სოციალურ მუშაკებთან პირდაპირი უკუკავშირის და კომუნიკაციის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრი სოციალურ მიმართულებებზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების მზარდ დინამიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2019 წელს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამაზე 35 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც წლების განმავლობაში გაორმაგდა.

ადრეული განვითარების პროგრამის ბიუჯეტი კი, რომელიც 2012 წელს 129 ათას ლარს შეადგენდა, დღეს 2 მლნ ლარია.

დავით სერგეენკომ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის საკითხებზე და სოციალურ მუშაკთა მხარდამჭერ აქტივობებზეც ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, თბილისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს მთელი წლის სამგზავრო აბონემენტები, ხოლო რაიონებს რამდენიმე ავტომობილი გადაეცემათ. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, იქ ოთხივე მიმართულებაზე, როგორიცაა შრომა, სოციალური, ჯანდაცვა, დევნილები მიმდინარეობს რეორგანიზაცია.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ, კომიტეტის სხდომა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე მოწვეულმა სოციალურმა მუშაკებმა, სამოქალაქო საზოგადოების და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მინისტრის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე კომენტარები გააკეთეს და გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, დავით სერგეენკოს კითხვებით მიმართეს.

აღინიშნა, რომ მინისტრის ხედვა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს და იქ დასაქმებული სოციალური მუშაკების ხელშეწყობას, არსებული გამოწვევების დაძლევისკენ მიმართულ ღონისძიებებს და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს, მისასალმებელია.

კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციისთვის და სამინისტროს მხრიდან პრობლემების მოგვარების მზაობაზე მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, კომიტეტი აღნიშნულ საკითხებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს და მოსმენებს კიდევ არაერთხელ გამართავს.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, 2019 წლის 5 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, 2019 წლის 5 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, 2019 წლის 5 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, 2019 წლის 5 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, 2019 წლის 5 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, 2019 წლის 5 მარტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკოს მოუსმინეს, 2019 წლის 5 მარტი