კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

16 სექტემბერი 2019
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი ნახევრის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მინისტრის მოადგილემ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ყურადღება პარლამენტის მიერ კანონმდებლობის მიღების შემდეგ გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ საქართველოს მასშტაბით 700 ობიექტი შემოწმდა, ხოლო რეინსპექტირება 121 ობიექტზე განხორციელდა. გიორგი წოწკოლაურმა დასაქმების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და კონკრეტული სტატისტიკა წარადგინა. „2019 წლის ივნისის მდგომარეობით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია 286 075 სამუშაოს მაძიებელმა გაიარა. მათ შორისაა 18 626 იძულებით გადაადგილებული პირი და 8003 შშმ პირი. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო 1339 პირი, აქედან 90 დევნილი. საანგარიშო პერიოდში ადგილი ქონდა ათ მომართვას შრომითი მედიატორის დანიშვნის შესახებ. 9 მათგანზე მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი და შესაბამისი შედეგებით დასრულდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მომხსენებელმა ანგარიშის წარდგენისას ინტეგრაცია/რეინტეგრაციის, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრის მოადგილის ანგარიში ცნობად მიიღეს, თუმცა სამინისტროდან რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოითხოვეს.

ანგარიშის გაცნობის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კოლეგებს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა და კომიტეტის სახელით „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებაზე ისაუბრა. მომხსენებლის განცხადებით, პირველი კანონპროექტი თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე კანონპროექტით, ფსიქიატრიულ სისტემაში ახალი სტანდარტების შემოღება და არსებული ხარვეზების გამოსწორება ხდება.

სხდომაზე კომიტეტის წევრებს ორგანიზაცია „ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კონსტანტინე ლაბარტყავამ პარლამენტის სახელზე შემოსული პეტიცია გააცნო. მომხსენებელმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის და მათი ოჯახის წევრების მიერ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პეტიციაზე ისაუბრა და კანონმდებლებს პეტიციაში მოთხოვნილი საკითხები გააცნო.

5 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები ეროვნული პლატფორმის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყებას, სუბოქსინის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის გაფართოებას, პრეპარატის ხელზე გატანის პროცედურების გამარტივებას, ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის დანერგვას და მართვის უფლების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. სხდომაზე წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი პეტიციაში მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობებს და კონსულტაციებს გამართავს, რათა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული სამუშაოები კონკრეტული შედეგებით დასრულდეს.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პაკეტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე მომზადდა და იგი რამდენიმე მიმართულებაზე ვრცელდება. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად გურამ მაჭარაშვილმა თუთუნის იმპორტის რეგულაციებში მოქცევა და მისი დაბეგვრის მექანიზმები დაასახელა. მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი და თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომაზე მოსაზრებები პარლამენტის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა გამოთქვეს. დისკუსიის დასრულების შემდეგ კომიტეტმა, კანონპროექტის ინიციატორს, შენიშვნების პროექტი გააცნო. გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის მოსაზრებები მისაღებად მიიჩნია და მათი პროექტში ასახვის მზაობა გამოთქვა. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტთა პაკეტი, პირველი მოსმენით, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.

გალერეა

  • კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს, 2019 წლის 16 სექტემბერი