კონფერენციაზე პარლამენტში პოლიტიკის დაგეგმვისას სტატისტიკური მონაცემების ანალიზის აუცილებლობაზე იმსჯელეს

14 ნოემბერი 2017
კონფერენციაზე პარლამენტში პოლიტიკის დაგეგმვისას სტატისტიკური მონაცემების ანალიზის აუცილებლობაზე იმსჯელეს

პარლამენტმა უმასპინძლა კონფერენციას თემაზე - „სტატისტიკური მონაცემების ანალიზი პოლიტიკის დაგეგმვისთვის - საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების სიღრმისეული ანალიზი.“

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით გაიმართა და მის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის, სამთავრობო სტრუქტურების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები. 

კონფერენცია გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. მისი განცხადებით, კონფერენცია ეწყობა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების სიღრმისეული ანალიზის მიგნებების წარსადგენად და მის მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ამ მონაცემების მნიშვნელობასა და გამოყენებაზე შესაბამისი პოლიტიკისა და გეგმების შემუშავებისათვის ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით.

აღნიშნული ანალიზი გვაწვდის მტკიცებულებებს პოლიტიკის შემუშავებისა და პროგრამების დაგეგმვისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მოზარდები და ახალგაზრდები, მოსახლეობის დაბერება და მოსახლეობის დინამიკა, გენდერული თანასწორობა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოს ოფისის დირექტორმა კარლ კულესამ.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, მოსახლეობის დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის მდგრადი განვითარების მისაღწევად.

საქართველო, როგორც რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სოციალურ-ეკონომიური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანა ამჟამად საჭირო პოლიტიკის შემუშავება-დახვეწის პროცესშია.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ქვეყანაში ადვოკატირებას უწევს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვას, რათა მოხდეს მოსახლეობის დინამიკის ასახვა მდგრადი განვითარების პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესში. 2014 წლის აღწერა, მასზე დაფუძნებული კვლევები, მომავალში ქვეყნის დემოგრაფიული სტრუქტურის საკმაო ცვლილებას წინასწარმეტყველებს და ამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ მახასიათებლების და მაჩვენებლების ცოდნას, მათ სიღრმისეულად გააანალიზებას, რათა ზედმიწევნით მოხდეს იმის გააზრება და გაანალიზება თუ რა და როგორ ახდენს გავლენას ქვეყნის განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2014-2016 წლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო პოლიტიკის და სტრატეგიის მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც მოსახლეობისა და განვითარების საკითხებს ეხება.

ამავე დროს, 2016-2017 წლების განმავლობაში, შვედეთის მიერ დაფინანსებული UNFPA-საქსტატის პროექტის ფარგლებში - სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) 2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით მოსახლეობის მონაცემთა უკუგადათვლის მეთოდოლოგიის შემუშავებაში; ასევე, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემთა სიღრმისეულ ანალიზში მოსახლეობის დინამიკის, დაბერების და ახალგაზრდების საკითხებზე და აღწერის მონაცემთა გენდერული ანალიზის ჩატარებაში.

ანალიტიკური მონოგრაფიები შემუშავდა გამოჩენილი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გუნდის მიერ ეროვნულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან კონსულტაციით.

დღევანდელ კონფერენციაზე, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებით, სამი თემატური ანალიზის ძირითადი მიგნებები იყო წარმოდგენილი:

  • მოსახლეობის დინამიკა საქართველოში;
  • მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში;
  • ახალგაზრდები საქართველოში.

ნაშრომები თემების მიხედვით წარმოადგინეს და დეტალური ანალიზი გააკეთეს დემოგრაფებმა: დოქტორმა რალფ ჰაკერტმა, დოქტორმა ბარტ დე ბრუნმა, დოქტორმა ფრანკ ილენსმა.

ცალკეულ სესიას მოდერატორობას უწევდნენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.

მოხსენებების შემდეგ, გაიმართა დისკუსია. როგორც კონფერენციაზე ითქვა, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, რათა წინ აღვუდგეთ ერის აქტიური დაბერების პროცესს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების დასაქმებისა და განვითარების პროცესს, ასევე საჭიროა ცალკეული მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და სხვა.

დასასრულ, კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკაკი ზოიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს სამივე მიმართულებით წარმოდგენილი სიღრმისეული ანალიზისათვის, რაც უდავოდ დაეხმარება ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნული მიმართულებებით პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

„საინტერესო და საყურადღებო მონაცემებია. ესაა ბაზისი, რომელზეც ჩვენი მთლიანი პოლიტიკა უნდა ავაწყოთ და არა მხოლოდ დემოგრაფიული პოლიტიკა. სიღრმისეული ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელი მიმართულებებითაც გასააქტიურებელია მუშაობა: დაბერების საკითხი, სოციალური პოლიტიკა, მრავალშვილიანი დედების თემა, ახალგაზრდების უმუშევრობა. მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების საკითხიც. ამ სისტემის აღორძინება სასიცოცხლოდ აუცილებელია - ესაა რეალური გზა ახალგაზრდების გადასარჩენად. ამგვარად, ეს მონაცემები მთელი სიმდიდრეა და მათი შემდგომი ანალიზი არის თითოეული ჩვენგანის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის შესაბამის სტრუქტურების ვალი იმისათვის, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ ჩვენი პოლიტიკა, ვნახოთ ის ორიენტირები, რომლებზეც უნდა გავასწოროთ ჩვენი ეროვნული განვითარების მიზნები“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

გალერეა

  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი
  • პარლამენტში გაიმართა კონფერენცია საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზის თაობაზე, 2017 წლის 14 ნოემბერი