მცხეთის მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა

13 მარტი 2018
მცხეთის მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა

ქალაქ მცხეთაში, ძველი კინოთეატრის ტერიტორიაზე (სამთავროს დედათა მონასტერთან) არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის განხორციელებას საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორების გამო, თუმცა, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და აქტიურობით ქალაქ მუზეუმს ექნება მუზეუმი.

ბოლო 4 წლის მანძილზე დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მუზეუმის საკითხი არაერთხელ დააყენა როგორც პარლამენტის სხდომაზე, ისე სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე. ახალი არქეოლოგიური მუზეუმის პროექტზე მუშაობა 2013 წელს სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო.

„მინდა მივულოცო ყველა მცხეთელს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელების დაწყება. როგორც იქნა, მუზეუმ ქალაქს ექნება მუზეუმი. მცხეთის მუზეუმი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გაყიდა და უკვე რამდენიმე წელია 25 000 უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატი კონტროლის პალატის შენობის სარდაფშია დასაწყობებული ყოველგვარი სპეციალური შესანახი პირობების გარეშე. 4 წელია მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მართალია, ამ პროცესმა და რამდენიმე ხელისშემშლელმა პირობებმა დიდი დრო წაიღო, მაგრამ დღეს მცხეთელები ხედავენ, რომ მშენებლობა დაიწყო და მალე მცხეთას არაჩვეულებრივი პროექტი შეემატება. მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ჩვენი ქალაქის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ტურისტებისთვის.

ადგილი, სადაც მშენებლობა დაიწყო, არის მცხეთის უძველესი კარიბჭე. საძირკველში დაკონსერვებული იქნება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი გალავნის ნანგრევები და ყველა მნახველს შეეძლება მისი ხილვა. სწორედ ამიტომ გვსურდა რომ ძველ ისტორიულ ადგილზე, სადაც საუკუნეების დიდებაა შემონახული, არქეოლოგიური მუზეუმი აშენებულიყო. სწორედ აქ განთავსდება უძველესი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის ექსპონატები ოქროს ფონდიდან, რომელიც მცხეთის საკუთრებაა. იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები. მცხეთა მუზეუმქალაქის სტატუსს ახლა უკვე ღირსეულად ატარებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დერექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გალერეა

  • მცხეთის მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა, 2018 წლის 13 მარტი
  • მცხეთის მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა, 2018 წლის 13 მარტი
  • მცხეთის მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა, 2018 წლის 13 მარტი