საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა

05 დეკემბერი 2017
საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა

პარლამენტის თბილისის სასახლემ ორი დღის განმავლობაში, 4-5 დეკემბერს, საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ უმასპინძლა.

ფორუმის მსვლელობისას, 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, გაფართოების პოლიტიკასა და ინსტიტუციურ გაძლიერების საკითხებზე იმსჯელა.

კონფერენცია მეხუთე სესიის თემის - „ევროკავშირის მომავალი“ განხილვით დასრულდა.

გამომსვლელებმა ევროპული თანამშრომლობის 60 წლის იუბილესთან ერთად, ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემები და კრიზისები განიხილეს და ევროპის განვითარების მომავლის ხედვები და მოსაზრებები წარმოადგინეს.

აღნიშნული სესია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის გამოსვლით დაიწყო, რომელმაც ერთიანი ევროპის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ძნელია ზუსტად განისაზღვროს თუ როგორი იქნება ევროკავშირი გარკვეული წლების შემდეგ, თუმცა საუბარი არ არის მის არსებობა-არარსებობაზე და აქცენტი მხოლოდ მის ალტერნატიულ მოდელებზე შეიძლება მხოლოდ გაკეთდეს. ელჩის მოსაზრებით, აუცილებელია ინტეგრირების პროცესების დახვეწა და მიდგომების ახლებურად ჩამოყალიბება, რაც ევროპულ ერთიან სივრცეს კიდევ უფრო მჭიდროს და განუყოფელს გახდის.

„ევროპის ერთიანობის საკიტხში საქართველოს საშუალება ეძლევა გამოიყენოს ევროკავშირის მყარი საფუძვლები და თავისი წვლილი შეიტანოს ამ ერთობლივ საქმეში“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით ევროპაში დღეს არსებული გამოწვევები, ბოლო დღეებში, საქართველოშიც გამოვლინდა, მაშინ როცა დედაქალაქში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. მისივე შეფასებით, საქართველოში ასევე მწვავედ დგას მიგრაციის და უმუშევრობის პრობლემები და ამ საერთო გამოწვევების ფონზე, საქართველო ევროპას უახლოვდება. ამას თან ერთვის კონფლიქტები და რუსეთის ფაქტორი.

„რუსეთის მხრიდან პრობლემების შექმნას საქართველო წლების განმავლობაში უკვე მიეჩვია, ევროპისთვის კი რუსული „რბილი ძალა“ ახალ გამოწვევას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ გარკვეული საფრთხეები თავად ევროპიდანაც მომდინარეობს, როდესაც ნეოფაშისტური პარტიების წამოწევა და გაძლიერება ხდება. ანტიევროპული რიტორიკა ისმის როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ და ვფიქრობ, რომ ევროპას ნამდვილად სჭირდება ნამდვილი მეგობარი საქართველოს სახით. მიმაჩნია, რომ უნდა მოვიფიქროთ ჩვენი ურთიერთობების ახალი მიდგომები და მოდულები, რომლებიც უფრო პრაგმატულ შედეგებს მოგვცემს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და მისი ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ოიარს ერიკს კალნინსმ.

როგორც მან სესიაზე გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ლატვიამ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაიწყო მოძრაობა. მისი განცხადებით, გაწევრიანების პროცესი ცალკე გამოწვევაა, ხოლო მისი მიღების შემდეგ ახალი ეტაპი იწყება, რაც ერთიანობის საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას გულისხმობს. ძლიერი და ერთიან ევროკავშირზე საუბრისას, გამომსვლელი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რიტორიკას შეეხო და აღნიშნა, რომ არა ევროკავშირის მტკიცე ნება, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ევროპული სანქციები არ იარსებებდნენ.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კეით პენტუს-როზიმანუსი თავის გამოსვლაში ევროკავშირთან კონკურენციაში მყოფ სახელმწიფოების საკითხს შეეხო. მისი განცხადებით, ევროკავშირი კონკურენციაში უნდა იყოს ისეთ სახელმწიფოებთან, საიდანაც საფრთხეები მომდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გარეთ მოძებნოს უფრო მეტი მეგობარი და ისეთი პარტნიორი ქვეყანა, რომლებთანაც საერთო ინტერესები აკავშირებს. ეს კი გაფართოების პერსპექტივამდე მიგვიყვანს. სტაბილურობა ევროპის შიგნით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მის საზღვრებს გარეთ და მიმაჩნია, რომ ევროპის გაფართოება სტაბილურობის კუთხით სწორი გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის წევრმა.

კონფერენციის დასკვნით სესიაზე მოხსენებები ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა, ანა გომესმაც წარმოადგინეს. გამომსვლელებმა ერთიანი და ძლიერი ევროკავშირის მომავლად განათლების დონის და ადამიანური რესურსების მეტად გამოყენება მიიჩნიეს.

სესიის მონაწილეების გამოსვლების შემდეგ განხილულ თემებზე დისკუსია გაიმართა.

საქართველოში სტუმრობისთვის და საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, საპარლამენტო დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„დისკუსიამ გვიჩვენა, რომ გვჭირდება უფრო მეტი პლატფორმა და კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყნის დეპუტატებთან გაიზარდოს დიალოგის სფეროები და შედგეს დებატები თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ და როგორ მოვემზადოთ უკეთესი შედეგებისათვის.

კონფერენციაზე გამომსვლელებმაც აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წინაშე მდგარი გამოწვევები ანალოგიურია სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ შეგვიძლია ამ საერთო საკითხებზე ერთობლივად ვიმუშაოთ და ამ კონფერენციის მიზანიც სწორედ ეს იყო“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გალერეა

  • საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციამ მუშაობა დაასრულა, 2017 წლის 5 დეკემბერი