განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

02 დეკემბერი 2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ქანთარია აირჩიეს. კოლეგებმა ალექსანდრე ქანთარიას წარსული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მარიამ ჯაშს სამი წლის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარის რანგში გაწეული საქმიანობისთვის. 

ამის შემდეგ კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტების განხილვა დაიწყეს. 
სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

კანონპროექტით საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი სამინისტროები უფლებამოსილი იქნებიან სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება ანდა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართონ შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. 
ხოლო, სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კი შესაბამისი სამინისტროების წარდგინებაში მითითებულ ვადაში. 

მომხსენებელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა რაც პირველი მომენის შემდეგ განიცადა კანონპროექტმა, მისი თქმით ეს ცვლილებები ძირითადად იურიდიული ტექნიკის დახვეწის საკითხს შეეხება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. 

დღესვე კომიტეტმა განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და კანონში ორმაგი ინტერპრეტაციების თავიდან აცილებას. რაც შესაძლებელს გახდის, რომ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განმახორციელებელი პირისთვის შეიქმნას გაცილებით ხელსაყრელი პირობები. კერძოდ, გამარტივდება მისთვის ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში დამატებით წარმოშობილ ფართებზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურები. 

მერია უფრო ეფექტურად განახორციელებს თბილისის ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში არსებული ავარიული საცხოვრებელი ფართების რეაბილიტაციას. წარმოდგენილი ცვლილებებით, უფრო ეფექტური გახდება, მესაკუთრეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა. უპირატესობა მიენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს - მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში. 

დედაქალაქისათვის და ასევე იმ ტერიტორიებისათვის, სადაც კოდექსის ამოქმედებამდე დამტკიცებული იყო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები და ის განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები, რათა ის არსებული რეგულაციები შენარჩუნებულ იქნას გონივრული ვადით, რომ ხელი არ შეეშალოს სფეროს განვითარებასა და გაუმჯობესებას. 

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით ახლებურად რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ ცალკეული დადგენილებების მიღების საკითხი.

კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის კიდევ რამდენიმე კანონში, რომელიც თანმდევი საკანონმდებლო პაკეტის სახით განიხილა კომიტეტმა. 

საკანონმდებლო ცვლილებები კოლეგებს განსახილველად პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ წარუდგინა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ კომიტეტში განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს დადგენილებით, შეიქმნა სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც ამავე დადგენილების თანახმად, განისაზღვრა გრანტის გამცემად. 

სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო დაფინანსების მოდელიდან საჯარო დაფინანსების მოდელზე გადასვლის პირველი ეტაპი, რაც, განპირობებულია ერთის მხრივ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საჭიროებით, მეორეს მხრივ კი ეფუძნება ყოფილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ევროკავშირის ექსპერტის ტერი სანდელის კვლევას. რომლოს თანახმად, საჯარო დაფინანსების იდეალურ მოდელად მიჩნეული იქნა „კულტურის განვითარების ფონდის“ შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ განაწილებას, ეფექტიანად ადმინისტრირებასა და მონიტორინგს. 

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცემა კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.

კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე გამართული მსჯელობის შემდეგ მისაღებად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტი და კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 2 დეკემბერი