განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს შეხვდნენ

20 აპრილი 2017
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი განათლებისა და კულტურული ცხოვრების საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას აგრძელებს. ამ მიზნით,კომიტეტში დღეს შშმ პირთა მშობლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ზოგად და პროფესიულ განათლებაში უკვე დაიწყო ახალი ინიციატივების განხორციელება. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა 4 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ეტაპებზე. მისივე განმარტებით, კომიტეტი მუშაობს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განათლების მიღების უფლების რეალიზება ყველა საფეხურზე განათლების ინკლუზიური დანერგვით.

შეხვედრაზე სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
განათლების და კულტურის სფეროების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს შშმ პირთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ხათუნა ჯავახაძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია შშმ პირთა მშობლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პედაგოგების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების საფუძველზე. მისივე თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების განათლების და კულტურის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ეფექტურ იმპლემენტაციას. ასოციაციის დამფუძნებელმა ისაუბრა ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე. მას მიაჩნია, რომ რამდენიმე ტერმინის ჩანაცვლება უნდა მოხდეს უფრო პოზიტიური ტერმინით. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

ასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ სპეციალური მასწავლებლისთვის უნდა შეიქმნას სრულფასოვან პირობები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთან სამუშაოდ; გარდა ამისა, სპეციალური მასწავლებლის სტატუსი გაუთანაბრდეს საჯარო სკოლის მასწავლებლის სტატუსს და შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.
ხათუნა ჯავახაძე თვლის, რომ საჭიროა სკოლებში მოეწყოს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემო: პანდუსები და სველი წერტილები.

უმაღლესი განათლების ეტაპზე შემოთავაზებული ცვლილებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს შშმ სტუდენტის დამხმარე პირი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისას.

ასოციაციის ინფორმაციით, არსებობს მშობელთა გარკვეული კატეგორია, რომელთაც უჭირთ აღიარება, რომ მათ შვილებს აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები და ეწინააღმდეგებიან მასწავლებლის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით მუშაობას. შემოთავაზებული რეკომენდაციით, აუცილებელია კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მშობლის როლს და პასუხისმგებლობას აღნიშნული მიმართულებით.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, 25 აპრილს აღნიშნულ თემაზე გაიმართება შეხვედრა. მისივე თქმით, კანონპროექტის საბოლოო სახე 10 მაისამდე იქნება შემუშავებული. 

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს შეხვდნენ, 2017 წლის 20 აპრილი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს შეხვდნენ, 2017 წლის 20 აპრილი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს შეხვდნენ, 2017 წლის 20 აპრილი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებს შეხვდნენ, 2017 წლის 20 აპრილი