განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო

17 თებერვალი 2017
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა წარუდგინა, რომელიც 2017 წლიდან 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს. სამინისტროს სტრატეგიული ხედვა 18 მიმართულებას ეხება, მათ შორის:

  • როგორც მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების მოტივაციის გაუმჯობესების, ასევე პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესების საკითხებს;
  • საქართველოს რეგიონალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივებს როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით;
  • ქართული ენის - სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობას როგორც განათლების ფორმალურ სისტემაში, ასევე დიასპორის ჩართულობის თვალსაზრისით;
  • სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებისა და მოსწავლეებისთვის ბევრად უფრო საინტერესო სისტემის ჩამოყალიბებას.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დეპუტატებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა საკითხები ზოგადად მიმოიხილეს „ბუნებრივია, ორსაათიანი შეხვედრა არ იყო საკმარისი ყველა კითხვის ამოწურვის თვალსაზრისით. ჩვენ შევთანხმდით, რომ რეგულარლად დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები, რათა ჩვენ მაქსიმალურად გავეცნოთ განათლების სამინისტროს ხედვებს და შესაბამისად, წარვუდგინოთ სამინისტროს კომიტეტის მოსაზრებები. ამ გზით მოხდება შეჯერება იმ ოპტიმალურ მოდელებზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოების გადახედვის პროცესს, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ეს იქნება მუდმივად დინამიური პროცესი. „ჩვენ გრიფირების წესის გამარტივების რეგულაცია მივიღეთ 2016 წლის დეკემბერში, თუმცა ეს იყო პირველი ეტაპის ღონისძიება. ამჟამად მიმდინარეობს სახეომძღვანელოების შინაარსობრივად გადახედვის პროცედურა, რომელიც ბუნებრივია, გარკვეულ დროს მოითხოვს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, სამინისტროს სტრატეგიული ხედვა არის სწორედ იმ კუთხით, რომ მოხდეს სასწავლო პროგრამებით დატვირთვის უფრო სწორი დაბალანსება და სასწავლო სახელმძღვანელოები გახდეს ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესო მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესში ჩაერთოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც არა მხოლოდ აკადემიური, არამედ შემეცნებითი და გასართობი კუთხით ბევრად უფრო მრავალფეროვანს გახდის სასწავლო პროცესს.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრების განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო, 2017 წლის 17 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრების განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო, 2017 წლის 17 თებერვალი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრების განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განვითარების სტრატეგიული ხედვა გააცნო, 2017 წლის 17 თებერვალი