მარიამ ჯაში - მოზარდთა შორის კონფლიქტის პრევენციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სპორტული და სახელოვნებო მიმართულებების გაძლიერება განათლების სისტემაში

14 აპრილი 2018
მარიამ ჯაში - მოზარდთა შორის კონფლიქტის პრევენციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სპორტული და სახელოვნებო მიმართულებების გაძლიერება განათლების სისტემაში

უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

კონფერენციაზე წარადგინეს, ახალი ინტერაქტიული ვებპორტალი „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე წარადგინეს, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი აქტივობების გეგმა. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე არის და იქნება მორგებული.

სკოლებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, უწყებათაშორისო ჯგუფმა, რომლის წევრებიც შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები იყვნენ, შეიმუშავა ცვლილებების პროექტი ზოგადი განათლების კანონში. პროექტის მიზანია, მანდატურის სამსახურის გაძლიერება და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, თითოეული ბავშვის დაცვა, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

სკოლის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ განათლების ან ძალოვანი სისტემის თემა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უშუალოდ მშობლების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის და თავად ბავშვების მონაწილეობით იმ გარემოს შექმნა, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის კონტექსტისთვის ყველაზე უფრო მისაღები და ეფექტური“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა

მან მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სკოლის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შემუშავებული კანონპროექტისთვის, რომელიც მისივე თქმით, ზუსტად პასუხობს განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს. 

ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაფორმალური განხილვები უკვე გვქონდა. კანონპროექტში გათვალისწინებულია არაერთი შენიშვნა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. დღეს უკვე პარლამენტში რეგისტრირებულია აღნიშნული კანონპროექტი, ჩვენ მაქსიმალურ მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს მისი განხილვები და დიდი იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ მის ბოლომდე მიყვანას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიური სამსახურების განვითარების ინიციატივაზე. „საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ არაფერი ისე ეფექტურად არ მუშაობს მოზარდთა შორის კონფლიქტის პრევენციასთან დაკავშირებით, როგორც სპორტული და სახელოვნებო მიმართულებების გაძლიერება განათლების სისტემაში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში - მოზარდთა შორის კონფლიქტის პრევენციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სპორტული და სახელოვნებო მიმართულებების გაძლიერება განათლების სისტემაში, 2018 წლის 14 აპრილი
  • მარიამ ჯაში - მოზარდთა შორის კონფლიქტის პრევენციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სპორტული და სახელოვნებო მიმართულებების გაძლიერება განათლების სისტემაში, 2018 წლის 14 აპრილი