მარიამ ჯაში: სტუდენტური პარლამენტის პროექტის მონაწილეებთან შეხვედრები ძალიან საინტერესო პრაქტიკაა

10 მაისი 2019
მარიამ ჯაში: სტუდენტური პარლამენტის პროექტის მონაწილეებთან შეხვედრები ძალიან საინტერესო პრაქტიკაა

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სტუდენტური პარლამენტის პროექტის მონაწილეებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ მოდელირებული შეხვედრების ჩატარება ძალიან საინტერესო პრაქტიკაა. მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ პერსპექტივებზე, რომელიც განათლების სფეროში განხორციელდება. „მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხარია, რომ ისეთივე ისტორიული ტრანსფორმაციის წინაშე დგას ეს დარგი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო ჯანდაცვის სექტორში. 6% მთლიანი შიდა პროდუქტის ალოკაცია, რომელიც იქნება 2022 წლიდან ბიუჯეტის მეოთხედი ნიშნავს იმას, რომ ორნახევარჯერ გაიზრდება დღეს არსებული ფინანსები განათლების სიტემაში. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ მეტი ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობის საშუალება ექნება ქვეყანას, პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება, 2021 წლისთვის, სავარაუდოდ, 1500-დან 1800 ლარამდე იქნება პედაგოგების საშუალო ხელფასი“, - განუცხადა მარიამ ჯაშმა ახალგაზრდებს.

მან ისაუბრა ასევე განათლების სისტემაში ხარისხობრივი თვალსაზრისით განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე.

მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ENQA-ს წევრობა არის ძალიან დიდი წარმატება, თუმცა პროცესი გვაქვს დასახვეწი, რადგან დღეს ENQA-ს წევრობა არ ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გვაქვს ისეთი ხარისხის , რაც შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტს. ძალიან დიდი სამუშაოა კიდევ განსახორციელებელი, მაგრამ ეს უდავოდ არის უპრეცედენტო, ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა პროფესიული განათლების კუთხით. „თუ მანამდე პროფესიული განათლება ითვლებოდა ჩიხად. ჩვენ ეს ჩიხი გავხსენით და დღეს კოლეჯში ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეს აქვს უფლება, აირჩიოს როგორც კოლეჯის დიპლომის, ასევე, სასკოლო ატესტატის ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა. ამ პროგრამის გავლის შემდგომ იმავე პირობებში შეუძლია ჩადგეს, როგორც ნებისმიერი სხვა აბიტურიენტი და ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან ისაუბრა ასევე საატესტატო გამოცდების მოხსნის დადებით მხარეებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა სტუდენტური პარლამენტის პროექტის მონაწილეთა კითხვებს, რომელიც ზოგად და უმაღლეს განათლებას, მეცნიერებას და კულტურის სფეროს ეხებოდა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: სტუდენტური პარლამენტის პროექტის მონაწილეებთან შეხვედრები ძალიან საინტერესო პრაქტიკაა, 2019 წლის 10 მაისი