მომდევნო წლისთვის განათლების მიმართულების დაფინანსება დაახლოებით 2 მლრდ ლარს მიაღწევს

10 ივნისი 2019
მომდევნო წლისთვის განათლების მიმართულების დაფინანსება დაახლოებით 2 მლრდ ლარს მიაღწევს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინეს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, განათლების დაფინანსების კუთხით 2022 წლიდან მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება. 

რაც შეეხება ჩვენს პროგნოზებს, 2020 წელს ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განვახორციელოთ შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებზე: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვექნება 5%, ხოლო შემდგომ წლებში - 5, 5 %. ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი იმავე ფარგლებშია, რაც მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელია, ანუ 3%-ის ფარგლებში. მომდევნო წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 48 მლრდ ლარი, ხოლო 2023 წლისთვის 61 მლრდ. ლარს გადააჭარბებს”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი ინფორმაციით, 2013 წლამდე ადგილი ჰქონდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, 2017-2018 წლებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა. 

ჩვენი მიზანია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყოს 5 % ფარგლებში. თუ ამ მაჩვენებელს სტაბილურად შევინარჩუნებთ, სტაბილური განვითარების პერსპექტივებიც გაიზრდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე განცხადებით, საგადასახადო შემოსავლები 25, 5 %-ის ფარგლებში იქნება. მისივე ვარაუდით, შენარჩუნდება კაპიტალური ხარჯების მაღალი დონე. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მომდევნო წლისთვის განათლების მიმართულების დაფინანსება დაახლოებით 2 მლრდ ლარს მიაღწევს და ეტაპობრივად ისე გაიზრდება, რომ 2022 წლისთვის იყოს მშპ-ს 6 %. მისივე განცხადებით, პროგნოზირებული ციფრების მიხედვით, 2022 წლისთვის განათლების დაფინანსებამ 3, 4 მლრდ ლარს უნდა მიაღწიოს. 

მინისტრის მოადგილემ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. დეპუტატებმა გამოთქვეს ასევე შენიშვნები, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროების დაფინანსების პროგნოზულ მაჩვენებლებს ეხება. 

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • მომდევნო წლისთვის განათლების მიმართულების დაფინანსება დაახლოებით 2 მლრდ ლარს მიაღწევს, 2019 წლის 10 ივნისი