საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

20 მარტი 2017
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

ნიუ-იორკის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფო კილაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ალანა არმიტაჟს, UNFPA-ს დირექტორატის ხელმძღვანელს, ბენუა კალასას და მრჩევლებს შეხვდნენ. 

სამუშაო შეხვედრაზე საქართვლოში სქესის მიხედვით აბორტების ტენდენციის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობასა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობის როლზე.

„ყოველწლიურად ასობით ახალშობილ გოგონას ვკარგავთ სელექტიური, ანუ სქესის შერჩევის ნიშნით აბორტის გამო. მხოლოდ განათლებითა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდით შეგვიძლია შევაჩაროთ შერჩევითი აბორტი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შემცირებულია ვაჟიშვილების შეძენის სურვილით შერჩევითი აბორტების ტენდენცია, საქართველო კვლავ რჩება გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA-ის ყურადღების ქვეშ.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, UNFPA 6 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში იწყებს ახალ გლობალურ კვლევას და პროგრამის განხორციელებას, რათა შეისწავლოს მიღწეული პოზიტიური ცვლილებები და პარალელურად გააძლიეროს კამპანია სქესის მიხედვით აბორტის აღმოსაფხვრელად.