გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

21 თებერვალი 2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

2018 წლის 1 ივნისიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრებს ყოველთვიურად დაუწესდებათ 1000 ლარიანი კომპენსაცია.

გასული წლის ზაფხულმა აჩვენა თუ რამდენად მძიმე სამუშაო ჩაატარეს ამ უწყებების წარმომადგენლებმა მეხანძრე მაშველებთან ერთად ბორჯომის ტყეში და ყველა იმ სხვა ადგილებში, სადაც ხანძარი მძვინვარებდა. მდგომაროება მძიმეა იმ კუთხითაც, რომ ერთ მეტყევეზე დაახლოებით 3 700 ჰა ფართობი მოდის, რაც სტანდარტს 4-5 ჯერ და უფრო მეტჯერაც აღემატება. გამომდინარე აქედან, კანონპროექტის მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა შრომა დაფასდეს და უბედური შემთვევის დადგომის შემთხვევაში მათი ოჯახები უზრუნველყოფილი იყვნენ ყოველთვიური კომპენსაციით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში საკანონმდბელო წინადადების სახით არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ იყო წარმოდგენილი.

კანონპროექტის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და მერაბ ქვარაია. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტში შემოსული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტზე და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

კანონპროექტის მიზანია ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, აგრეთვე ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა, ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

კომიტეტმა საკანონმდბელო წინადადებაზე მუშაობის დაწყებას მხარი დაუჭირა. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ განაცხადა, აღნიშნულ თემაზე სხვა კანონპროექტების დამუშავებაც მიმდინარეობს და მიზანშეწონილია ამ პროექტების ერთად განხილვა.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 21 თებერვალი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, 2018 წლის 21 თებერვალი