გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს

20 მაისი 2020
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პანდემიის მიერ გამოწვეული შეფერხების შემდეგ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა და რომელზეც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს - ეს არის ტყის კოდექსი, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები, ქართული საკანონმდებლო სივრცისთვის სრულიად ახალი კანონპროექტი აკვაკულტურის შესახებ, ასევე საქართველოში გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასების თაობაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის საკითხი.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ტყის კოდექსი“ III მოსმენაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა. 

ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონმდებლობა ტყის სექტორში რეფორმის დაწყების და ტყის სრულიად ახალებურად გამოყენებისა და მოვლისთვის. ყველა აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კოდექსი საქართველოში გარემოს დაცვისთვის, ტყის რესურსის ეფექტიანად და მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენებისთვის. ამ კანონმდებლობის მიღებით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება ტყის რესურსის ეფექტიანად და სათანადოდ გამოყენებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე. 

შემდეგ მომხსენებელმა - ნინო თანდილაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ამ უმნიშვნელოვანესი კოდექსის პროექტის თითქმის ერთწლიანი განხილვის ისტორია და პარლამენტის კომიტეტს მადლობა გადაუხადა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. მის განცხადებით, ძალიან ბევრი შესწორება შევიდა პროექტში, მრავალი კონცეპტუალური საკითხის კორექტირება მოხდა და დღეს კოდექსი, ფაქტობრივად, იმ კონდიციამდეა მიყვანილი, რაც შეასრულებს ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის ტყეების სამომავლო განვითარების და ბუნების დაცვის საქმეში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აქვე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საპატრიარქოს თემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვის პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აპირებს არჩევნების წინ საპატრიარქოს გადასცეს ტყეები და საკუთრების უფლება მათზე.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონით საპატრიარქოს, თუ კი მიეცემა გარკვეული რაოდენობის ტყეები ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომელთა დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, ისეთს, რომლებიც სხვა დანარჩენ ტყით მოსარგებლეებს დაეკისრებათ, რომლებიც ტყის გარკვეულ ტერიტორიებს სხვადასხვა მიზნებისათვის მიიღებენ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. 

მისი თქმით, ამგვარად სპეკულაციები, თითქოს ტყის ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა საპატრიარქოს, არის მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფა ყველა მათი, ვინც ერთობლივად გაწია შრომა ამ კოდექსის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის საქმეში.

პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება რომ მან ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს ისევ და ისევ იმ მიზნებისთვის, რომ იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ტყის ფონდში ისტორიულად განთავსებული გახლავს, მოუაროს, უპატრონოს და ჩვენ ეს შევუნახოთ მომავალ თაობებს. ეს არის ასახული კანონში ცალსახად. ამ კანონის მთავარი მიზანი გახლავს რომ ჩვენ უკეთესად მოვუაროთ იმ მნიშვნელოვან რესურს რაც ჩვენ გვაქვს - 40%-ს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ეკოსისტემური თვალსაზრისითაც, და ცხადია მას თავისი ეკონომიკური ღირებულებაც გააჩნია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

როგორც მან აღნიშნა, განხილვებისას გამოთქმული იყო რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომლებიც ასახულია პროექტში.

კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს კანონპროექტის მნიშვნელობა და მისი მიღების აუცილებლობა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კოდექსით სახელმწიფო მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ტყის დაცვაზე, ხოლო რაც შეეხება საეკლესიო საკითხს, მათივე აზრით, ეს უკავშირდება ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს. კომიტეტის წევრთა განცხადებით, ამ პროექტში დიდ შრომა ჩაიდო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, არასამთავრობო სექტორის მხრიდან და მრავალი შენიშვნა, მათ შორის მაჟორიტარების მხრიდან, ფაქტობრივად, გათვალისწინებულ იქნა. 

საბოლოოდ, კომიტეტმა კანონპროექტს მესამე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი. 
კომიტეტმა ასევე მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე კვლავ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. 

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილს, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის ახალ მმართველობით პრინციპებს და ახალ მიდგომებს დაამკვიდრებს ქვეყანაში. იგი მიმართულია იქითკენ, რომ ეტაპობრივად შევძლოთ და გავაუმჯობესოთ ჰაერის ხარისხის მდგომარეობა იმ ქალაქებში და ტერიტორიებზე, სადაც ამის პრობლემა არის და ეს პრობლემები იდენტიფიცირებულია. 

კანონპროექტის ამოქმედება დაგეგმილი იყო მიმდინარე წლის დასაწყისიდან, მაგრამ ვინაიდან მისი განხილვა გაგრძელდა, კანონპროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედება იგეგმება ამა წლის სექტემბრიდან. მომხსენებლის განმარტებით, მესამე მოსმენისთვის მოხდა რედაქციული ხასიათის დაზუსტებები.

კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი. 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა II მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, პანდემიის მიუხედავად, ამ საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტმა მოახერხა კანონპროექტის საჯარო განხილვა ქვემო ქართლში, მოაწყო საჯარო ონლაინ დისკუსია ინტერნეტის მეშვეობით. საბოლოოდ, კომიტეტში შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების უმრავლესობამ ასახვა ჰპოვა პროექტებში, რითაც კიდევ უფრო გამოკვეთა მოქალაქეებისა და რეგიონების ინტერესები.

შემდეგ ნინო წილოსანმა კოლეგებს მუხლობრივად გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც საჯარო განხილვების და წარმოდგენილი შენიშვნების შედეგად კანონპროექტების ცალკეულ მუხლებში აისახა.

საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგენს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის და პაატა გოგოხიას საკანონმდებლო ინიციატივას.

კომიტეტმა ამ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი. 

სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სულხან მახათაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტის მომზადებითა და მიღებით, ვინაიდან ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ფაქტობრივად არ იცნობდა ამგვარ კანონმდებლობას. მისი თქმით, ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს ისეთი ჰიდრორესურსებით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ ახალი მიმართულების აღორძინებას, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც სამეწარმეო განვითარების, ისე დასაქმების კუთხით. 
ნინო წილოსანმა ასევე გამოიტანა საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ. 

ეს საკითხი ეხება კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის დაწყებას გარემოში ტყვიის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც გარემოს დაცვის ისე ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით. მოკვლევის მიზანი იქნება, დავადგინოთ ტყვიის კონცენტრაცია ადამიანებში გარემოს რომელი ფაქტორიდან მომდინარეობს. ამ მიმართულებით დიდი სამუშაო აქვს გაწეული დაავადებათა კონტროლის ცენტრს იუნისეფის დახმარებით, რომელმაც ფასდაუდებელი კვლევა ჩაატარა საქართველოს მასშტაბით ბავშვებში ტყვიის დონის ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენი თემატური მოკვლევა იქნება ამ დიდი სამუშაოს ერთგვარი გაგრძელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოკვლევის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება მკაფიო წარმოდგენა, სახელმწიფომ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს, რომ კონკრეტულად დაადგინოს თუ რა წყარო აქვს ტყვიის წარმოშობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა თემატური ჯგუფის შექმნას შემდეგი შემადგენლობით: ნინო წილოსანი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი და ილია ნაკაშიძე. თემატურ ჯგუფს ნინო წილოსანი უხელმძღვანელებს.

 

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტები განიხილეს, 2020 წლის 20 მაისი