ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას

16 მარტი 2019
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უპირველესად კენჭი უყარა კომიტეტის მიერ უკვე განხილულ კანონპროექტს „ბავშვის უფლებათა კოდექსი" თანმდევ კანონპროექტებთან ერთად და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, აღსანიშნავია ისიც, რომ პოზიტიური ცვლილებები შედის მოქმედ კანონმდებლობაშიც, მაგრამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აქვს სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები, რომელიც გადაეგზავნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და იმედი გამოთქვა, რომ წამყვანი კომიტეტი ამ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

შემდეგ კომიტეტმა საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით გააგრძელა მუშაობა და რამდენიმე კანონპროექტსა და საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა.

კომიტეტმა პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას და შოთა ხაბარელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.

საკითხი სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გამოიტანა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩნდება ახალი დანაშაულის დეფინიცია, რომლის მიზანია დასჯადი გახდეს ქმედება, რომელიც ითვალისწინებს პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნას/ორგანიზებას ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობას/ორგანიზებას.

როგორც თამარ ხულორდავამ განაცხადა, საუბარია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარი შეცნობით, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონო დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებაზე, და ასევე, ამავე განზრახვის და ფინანსური დაინტერესების მიზნით საქართველოს მოქალაქისთვის უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დახმარების აღმოჩენაზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ წინაპირობებზე, რამაც გამოიწვია წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.

„2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შენგენის/ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა. ამასთანავე, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას წინ უსწრებდა ე.წ. შეჩერების მექანიზმის შექმნა, რომელიც შენგენის/ევროკავშირის ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დააყენონ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი. შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოში შესვლაზე უარს მიიღებენ, ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი, ან საგრძნობლად გაიზრდება უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ კანონის სრული დაცვით ისარგებლა ვიზა-ლიბერალიზაციით, თუმცა ბოლო პერიოდში, საქართველოდან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან იმატა კრიტიკამ, რაც შეიძლება გახდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვის წინაპირობა.

„თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 72%-ით არის გაზრდილი. ასევე, შეჩერების მექანიზმის ერთ-ერთი წინაპირობა არის საზღვარზე უარის თქმა და ეს მონაცემი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 200%-ით არის გაზრდილი. ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ შეწყდეს უვიზო რეჟიმი და პრობლემები შეუქმნან საქართველოს მოქალაქეებს. პირიქით, მათ აქვთ სურვილი და მზადყოფნა, რომ ხელი შეგვიწყონ, დაგვეხმარონ, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეს უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. შესაბამისად, გვთხოვენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და გარკვეული მექანიზმების შემოღებას, მათ შორის - საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რომელიც მათ საშუალებს მისცემს თქვან, რომ საქართველოს სახელმწიფო სერიოზულად აღიქვამს ამ პრობლემას, პოლიტიკის დონეზე ძალიან მნიშვნელოვნად, მაღალი პასუხისმგებლობით უდგება მას და მზად არის რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის თავშესაფრის მიღებაში უკანონო დახმარება ევროკავშირის მასშტაბით, ყველა ქვეყანაში დასჯადია.

კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. ამასთანავე, კანონპროექტი არ გულისხმობს იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც უკანონოდ ანუ ვადის დარღვევით იმყოფებიან შენგენის სივრცეში. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

კომიტეტის წევრების შეფასება ერთსულოვანი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის მონაპოვარი რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. მათი აზრით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუმცა ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა, რომლებზეც კანონპროექტის ავტორები მეორე მოსმენისთვის მუშაობას გააგძელებენ, რათა კანონპროექტი დახვეწილი და ყველასათვის მისაღები გახდეს. გარკვეული დათქმებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტებს, რომლებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, მხარი დაუჭირა.

სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები, რომლებიც საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ევროპული საქართველო - რეგიონების" საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, განსახილველად პარლამენტის წევრმა ოთარ კახიძემ გამოიტანა.

მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც მისივე თქმით, თან ახლავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტების წარმოდგენილი ვარიანატი არავის ინტერესს არ აზიანებს, პირიქით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას ყველას აძლევს და არა მხოლოდ „ჩინჩალაძის კლანს“. ოთარ კახიძის განცხადებით, მის მიერ წარდგენილი პროექტის მიზანია სწორედ კანდიდატთა წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსება, ვინაიდან ორგანული კანონი “საერთო სასამართლოების შესახებ” არ ითვალისწინებს იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის პროცედურას.

„პროექტი მიზნად ისახავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, ამ შემთხვევაში ჩინჩალაძის კლანს ჩამოერთვას მონოპოლია, რომ პარლამენტს წარუდგინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მხოლოდ მათთვის მისაღები კანდიდატები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ პარლამენტს სთავაზობს კანონპროექტს, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნებისმიერ წევრს მისცემს კანდიდატურის წარდგენის უფლებას, რითაც პარლამენტს უფრო ფართო არჩევანის შესაძლებლობა ექნება.

კანონპროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ოთარ კახიძის განცხადებით, მისი ფრაქცია მზადაა ნებისმიერ სუბიექტთან ითანამშრომლონ, რათა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვო შეიცვალოს. მისივე შეფასებით, ეს პროექტი რევოლუციურ ცვლილებებს არ იძლევა და საჭიროა მომავალში რადიკალური ნაბიჯების გადადგმა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჩვენი წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ მოაგვარებს სასამართლოში არსებულ პრობლემას. ამან შეიძლება დღეს რაღაც ზიანის მინიმიზება მოახდინოს, გრძელვადიან ვითარებაში სასამართლოში საჭიროა რადიკალური რეფორმა, ნაფიც მსაჯულთა სისტემის ბოლომდე ამოქმედება და უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დროებითი ღონისძიების სახით, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, თუ გვინდა რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს. მერე, დაახლოებით ოც წელიწადში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის შემდეგ, ესტაფეტა უნდა გადაიბარონ ქართველმა მოსამართლეებმა, ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული საქართველოს ხედვა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომიტეტის მიერ მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის წინადადებით და კომიტეტის საერთო გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვაზე დააბრუნეს. კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა და სხვა საკითხების გადაწყვეტა. კომიტეტის გადაწყვეტილებას დაეთანხმა ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

კომიტეტმა სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაც განიხილა, მათ შორის: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით; მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებთან დაკავშირებით; მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატთა წარდგენას და საქართველოს პარლამენტში არჩევის საკითხებს ეხება, რომელთა ძირითადი ნაწილი, მისივე თქმით, ასახულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უკვე ინიცირებულ პროექტში.

კომიტეტის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილს საშუალება მიეცა კანონმდებლებისათვის დეტალურად გაეცნო საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი.

მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ კახიძის, ზაქარია ქუცნაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სხვა დეპუტატების მოსაზრებით, ნაზი ჯანეზაშვილის გამოსვლაში გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც მართლაც საყურადღებოა და კანონმდებლები მათზე აუცილებლად იმსჯელებენ, რათა საბოლოოდ პარლამენტის მიერ ისეთი კანონი იქნეს მიღებული, რომელიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს და საზოგადოებასაც აუცილებლად წაადგება.

კენჭისყრით საკანონმდებლო წინადადების განხილვას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქ წამოჭრილი მთელი რიგი საკითხები თანხვედრაშია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივასთან და მასთან ერთად განიხილავენ.

კომიტეტმა ასევე მხარი არ დაუჭირა მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის და მოქალაქე ოთარ ლოლუას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადეებს.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას, 2019 წლის 16 მარტი
  • ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას, 2019 წლის 16 მარტი
  • ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას, 2019 წლის 16 მარტი
  • ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას, 2019 წლის 16 მარტი
  • ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას, 2019 წლის 16 მარტი
  • ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას, 2019 წლის 16 მარტი
  • ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ისეთი მოდელის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცლას, 2019 წლის 16 მარტი