ეკა ბესელია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიწვევით ლონდონში ვიზიტით იმყოფება

03 იანვარი 2019
ეკა ბესელია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიწვევით ლონდონში ვიზიტით იმყოფება

3-4 იანვარს ეკა ბესელია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიწვევით ლონდონში ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორს ქრის ლევიქის შეხვდება. საუბრის მთავარი თემები იქნება: განხორციელებული პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

„შეხვედრის მიზანია გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო ახალი ეტაპი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის, რაც წარმატებით განხორციელდა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის კომპონენტი და ახალი რეგლამენტით თემატური მოკვლევების პრაქტიკის დანერგვა. ეს მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტში გვქონდა და საინტერესო იყო შედეგი. ამჯერად სწორედ ინსტიტუციონალურ დონეზე გვინდა გავაგრძელოთ ეს პრაქტიკა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვგეგმავთ თანამშრომლობას და ველოდებით საინტერესო სიახლეებს“,  - განაცხადა ეკა ბესელიამ.